პროპორციული არჩევნები

საია: პროპორციული სისტემით ფორმირებული პარლამენტი ზუსტად ასახავს ამომრჩევლის განწყობას

საია
gyla.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, არ არსებობს უნაკლო საარჩევნო სისტემა და ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციულ სისტემასაც აქვს სუსტი მხარეები. კერძოდ, საია აღნიშნავს, რომ სისტემა ზრდის როგორც ფარდის უკან პარტიული გარიგებების, ისე გადაწყვეტილებების მიღების ტემპის შეჩერების ალბათობას.

თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, შემოთავაზებულ სისტემას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

  1. ფაქტობრივად ყველა ამომრჩეველს ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, შედეგად „ჰაერში გაფანტული ხმების“ (ხმები, რომელთა ერთობლიობა არ არის საკმარისი ამ ხმების ადრესატი პარტიის მიერ ბარიერის გადასალახად) ოდენობა მინიმუმამდე მცირდება. მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 19.2% დაიკარგა, რაც იმას ნიშნავს რომ დღეს ყოველ მე-5 ამომრჩეველს პოლიტიკაში წარმომადგენელი არ ჰყავს;
  2. პარტიების მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა და მათ ელექტორალური მხარდაჭერა თითქმის სრულად ემთხვევა ერთმანეთს, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი შემთხვევა, როდესაც პარტიას მიღებული ხმების არაპროპორციული წარმომადგენლობა აქვს საკანონმდებლო ორგანოში. მაგ. 2016 წლის არჩევნებში მმართველმა გუნდმა ხმების 48.68% მიიღო, ხოლო მანდატების 76.7% ერგო;
  3. ამგვარად ფორმირებული პარლამენტი მაქსიმალური სიზუსტით ასახავს ამომრჩევლის განწყობას. ბუნებრივი ბარიერი იძლევა შესაძლებლობას, საკანონმდებლო ორგანომ სარკისებურად, მაქსიმალური სიზუსტით ასახოს ის პოლიტიკური შეხედულებები, რაც საზოგადოებას აქვს.

ეს არგუმენტები ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთისგან გამომდინარეობს, თუმცა, თავს იყრის მთავარ შედეგში: თითქმის არ რჩება საზოგადოების სეგმენტი, რომელიც მსჯელობის პროცესში არ არის ჩართული და რომლის პოზიციაც მაღალი ტრიბუნიდან არ ისმის. ეს კი ზრდის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და ხელს უწყობს სტაბილური პოლიტიკური პროცესების განვითარებას. საია მოუწოდებს ხელისუფლებას ფართო დისკუსიის საფუძველზე ბოლომდე მიიყვანოს დაანონსებული ცვლილებები" - ნათქვამია განცხადებაში.

ოთხდღიანი პროტესტის ერთერთი მოთხოვნა, მომდევნო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, ქართულმა ოცნებამ დააკმაყოფილა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ კვირის ბოლოდან დაიწყება კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, თუმცა, ქართული ოცნება აპირებს, გააუქმოს საარჩევნო ბარიერი. 

კომენტარები