ყაველაშვილი გავრილოვის ღამეზე: გიორგი გახარიამ სისხლისღვრას გადაარჩინა ბევრი ახალგაზრდა

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 20 ივნისის ღამეს "ბევრი ახალგაზრდა სისხლისღვრას გადაარჩინა".

ამის შესახებ ყაველაშვილი მედიას ესაუბრა.

"მე განვაცხადე, რომ პოლიციამ იმ დღეს ჩვენი საზოგადოება გადაარჩინა სისხლისღვრას. მერწმუნეთ, რომ აქ მოხდებოდა საშინებელა, სისხლისღვრა მოხდებოდა და ვცახცახებდი, გულწრფელად. ვინც მიცნობს, იცის, რომ არ მჩვევია ასეთი ემოციური საუბარი, მაგრამ ნამდვილად მონაწილე ვიყავი და გადავრჩით სისხლისღვრას. შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ის მობრძანდება ჩვენთან პარლამენტში და დეტალურად მოყვება, როგორ და რანაირად განვითარდა. 

გიორგი გახარიამ იმ ღამით სისხლისღვრას გადაარჩინა ბევრი ახალგაზრდა. აქ უბედურება დატრიალდებოდა,"- ამბობს მიხეილ ყაველაშვილი. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქალაქო სასამართლომ 9-დღიან პატიმრობაში დატოვა. ვრცელდება ცნობები, რომ დაკავებული ადამიანები ნაცემები არიან. 

კომენტარები