ნიკა მელიას საქმე

მელია: დაჭერა რომ პანაცეა იყოს, იმდენი გყავთ დაჭერილი, დასუსტების ნაცვლად გაძლიერდებოდით

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური დეპუტატი ნიკა მელია, რომლის დაპატიმრების მოთხოვნითაც დღეს პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მიმართა, ამბობს, რომ დაპატიმრების შემთხვევაში მხოლოდ ერთ რამეზე დაწყდება გული, რომ ვერ დაინახავს, როგორ ეტყვის ქართული საზოგადოება უარს ბიძინა ივანიშვილს.

ამის შესახებ ნიკა მელიამ "კავკასიის" ეთერში, დავით აქუბარდიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"რისთვის ვიბრძვით და რა დევს სასწორზე, ან ამ ქვეყნის წარმატებული მომავალი ან უკუსვლა. უკუსვლა არ უწერია ამ ქვეყანას. ეს რომ ამ სახელმწიფოს ბედი ყოფილიყო, დიდი ხანია არ იარსებებდა სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებელი. მართალი ბრძოლაა ეს. მე, უბრალოდ, გული დამწყდება, თუ დამაპატიმრეს, ერთ რაღაცაზე, რომ იმ გადამწყვეტ დღეს და წუთებში თუ არ ვიქნები იქ, ასი ათასობით ქართველთან ერთად, სადაც პოლიტიკურ პანჩურს ამოარტყამენ, ივანიშვილის რეჟიმს, ამაზე ნამდვილად დამწყდება გული. თუმცა, მიმაჩნია, რომ ასი ათას ადამიანთაგან ერთერთი ვარ, რომელმაც რაღაც წვლილი შევიტანე ივანიშვილისთვის ნიღაბის ჩამოხსნაში,"- ამბობს მელია. 

მელიას თქმით, მისი დაჭერა ივანიშვილს ვერ გააძლიერებს. 

"ჩემი დაჭერა რომ იყოს პანაცეა, იმდენი ადამიანი გყავთ დაჭერილი და ბავშვებს ახლა ბოლო დღეებში დათხარეთ, კი არ დასუსტდებოდით, გაძლიერდებოდით. შიშისგან ცახცახებთ. მილიარდერი ვარო, რომ ჰკითხო, რომ ჰკითხო ქვეყანას მართავს და სპეცრაზმთან ერთად ძინავს. მეხანძრეებთან ერთად ძინავს. გამნაღმელებთან ერთად ძინავს. ეს ხომ ერთი უბედურებაა და მეორე უბედურება ის არის, რომ ამ ხალხს, ანუ ქართულ სპეცრაზმს რუსული აკვიატებული ინტერესების გატარებაში იყენებს,"- თქვა მელიამ. 

20 ივნისის აქციის საქმეზე პროკურატურამ ენმ-ის ერთერთი ლიდერის ნიკა მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა. მელია ხვალ საგამოძიებო უწყებაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს. ამასთან, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა, ენმ-ის დეპუტატის დაპატიმრების თანხმობა მისცეს.

20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. რამდენიმე დღეა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. გუშინ შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები