20 ივნისის აქცია

უგულავა: ივანიშვილს უნდა, ეს პროტესტი წარმოაჩინოს წინა და ამ ხელისუფლებების დაპირისპირებად

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ უგულავამ პარლამენტთან ისაუბრა, სადაც ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენის შესახებ, ოპოზიციურმა სპექტრმა ბრიფინგი გამართა.

"ეს არის ივანიშვილის პროვოკაცია, ამის მიზანი კი არის მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტი, რომლის მიმართაც, რეჟიმს მოუწია უკან დახევა. რამდენიმე დღის წინ მათ არ ემეტებოდათ ქუცნაშვილი, მაგრამ გაწირეს ქუცნაშვილი, მათ არ ემეტებოდათ კობახიძე, მაგრამ გაწირეს კობახიძე, მათ 2024 წელს უნდოდათ ჩაეტარებინათ პროპორციული არჩევნები, მაგრამ გაწირედ და საზოგადოების ძალისხმევით დათმეს.

ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ, ეს არის აქცია, რომელიც რუსთაველზე მიმდინარეობს. ეს არის ზეპარტიული პროტესტი, ეს არის ყველა ადამიანის პროტესტი, ეს არის გაბრაზებული ადამიანების პროტესტი, რას უპირისპირებს ივანიშვილი ამ პროტესტს? ისევ იგივეს. მას უნდა ამ დაპატიმრებებით ეს პროტესტი წარმოაჩინოს წინა და ახლანდელი ხელისუფლების დაპირისპირებად" - თქვა უგულავამ და აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას ეს არ გამოუვა. 

"მიზანი დარჩა ერთი -  გადადგეს გიორგი გახარია, რომელიც არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ამის გადასაფარად მათ კვლავ, უკვე მეშვედე წელია, ერთი ტაქტიკა აქვთ. მაგრამ რაც არ უნდა ილაპარაკონ, როგორი ჩანაწერებიც არ უნდა გამოყარონ, როგორც არ უნდა შეფუთონ, კვლავ ერთი, ნაცადი ხერხით, ეს პროტესტი გაგრძელდება მშვიდად, მტკიცედ, იქნება უფრო ხალხმრავალი და გახარია წავა, და თუ დიდხანს გაიწელება, წავა ციხეში" - თქვა გიგი უგულავამ.

20 ივნისის აქციის საქმეზე პროკურატურამ ენმ-ის ერთერთი ლიდერის ნიკა მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა. მელია ხვალ საგამოძიებო უწყებაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს. ამასთან, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა, ენმ-ის დეპუტატის დაპატიმრების თანხმობა მისცეს.

20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. რამდენიმე დღეა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. გუშინ შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები