20 ივნისის აქცია

ბრიტანეთის ელჩი 20 ივნისის აქციის მოვლენების სწრაფად და ამომწურავად გამოძიებისკენ მოუწოდებს

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი Twitter-ზე თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამჭვირვალედ, სწრაფად და ამომწურავად გამოიძიოს 20 ივნისის აქციის და მისი დაშლის საქმე.

"მოვუწოდებთ, გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე და მოქმედებებზე, რომლებმაც საფუძველი დაუდო ძალადობას და წინ უსწრებდა პოლიციის ქმედებებს, წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად, ამომწურავად. სახალხო დამცველის ჩართვა მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ მხარეებს, დიალოგისკენ, კომპრომისისკენ", - წერს ელჩი.

 

20 ივნისს პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციის დარბევა ღამის 12 საათისთვის დაიწყო და 5 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი მოქალაქეების დარბევას რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით ცდილობდა.

დარბევისას სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ.

დაშავებულებს რეზინის ტყვიები მოხვდათ თავში, სახეში, თვალში, ფეხში, ხელში, ზურგში. ზოგ შემთხვევაში ერთ ადამიანს არა ერთი, არამედ ათამდე ტყვიაც კი მოხვდა. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, თვალის ამოღება დასჭირდა.

კომენტარები