შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილი: იქნებ სჯობდა პატრიარქს მოენახულებინა ბიძინასგან თვალგამოთხრილი ახალგაზრდები

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პატრიარქთან შეხვედრას გამოეხმაურა:

"ახლა კიდევ გამამტყუნებენ. ამ მოძალადის უსახო ხელის ბიჭთან შეხვედრას იქნებ სჯობდა პატრიარქს მოენახულებინა ბიძინასაგან თვალგამოთხრილი ახალგაზრდები. თუმცა უჩინონი და უფულონი ბევრ, უმაღლეს ანაფორიანთათვის მხოლოდ გამოსაყენებელი მასაა, რომელთაც მორჩილების ნაცვლად მხოლოდ, იმ ქვეყანაში პირდებიან სამოთხეს." წერს ის.

პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები მის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

"ჩემს ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 25 ივნისს დაიკავა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ირაკლი კობახიძე, პროტესტის ფონზე, თანამდებობიდან გადადგა. აქციები პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა. პროტესტი კვლავ გრძელდება - პროპორციული არჩევნების პირობისა და დაკავებულთა გათავისუფლების შემდეგ, მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.

კომენტარები