პროპორციული არჩევნები

პრესსპიკერი: პრეზიდენტი მიესალმება პროპორციული არჩევნების თაობაზე კონსულტაციის დაწყებას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ინიციატივის - პროპორციული არჩევნები - 2020-ის თაობაზე კონსულტაციის დაწყებას" - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "პოლიტიკური დიალოგი არის გზა შიდა დეესკალაციისა და საზოგადოებრივი თანხმობისკენ".

"პოლიტიკური დიალოგისკენ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებს 21 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა და ქვეყანაში ვითარების განსამუხტად, საკონსულტაციოდ და კონსენსუსის მისაღწევად, პირადი ჩართულობა შესთავაზა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პოლიტიკური დიალოგი საპარლამენტო სივრცეში მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია.

ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც ძალაში რჩება საპრეზიდენტო პლატფორმის საკონსულტაციოდ გამოყენების შეთავაზება. შიდადეესკალაციის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ასევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროს ქვეყნის ეკონომიკას და განსაკუთრებით, ამ პროცესებით გამოწვეული რყევების მიმართ მგრძნობიარე ბიზნესსფეროებს. საქართველოს პრეზიდენტი პრიორიტეტულად მიიჩნევს ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებას. მისი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ საქართველოდან უნდა მიიღოს მკაფიო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ საქართველოში, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, დაცულია ყველა ტურისტისა და სტუმრის უსაფრთხოება”, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. 20-21 ივნისის აქციის დარბევის და საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა გუნდმა დათმობის ნაბიჯი გადადგა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი 1 ივლისს დაიწყო. ინიციატივა ქართულმა ოცნებამ წარადგინა.

ვრცლად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცედურების, უპირატესობების და რისკების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები