ტურიზმი

წინა წელთან შედარებით ივნისში საქართველოში 18 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში ტურისტული ნაკადი, გასულ წელთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა. 2018 წლის ივნისში საქართველოში სულ 399 ათასი ტურისტი შემოვიდა, წელს კი  ქვეყანას 471 ათასი ტურისტი ესტუმრა. 20%-ით გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც. ჯამში ტურისტების და ვიზიტორების საერთო რაოდენობა ივნისში 874 ათასამდე აღწევს.

ივნისში ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. რუსეთს თურქეთი და აზერბაიჯანი მოსდევს. ამ სამი ქვეყნიდან ჩამოსულები ივნისში ტურისტების 86%-ს შეადგენდნენ.

  • რუსეთი — 152,155; +30%;
  • თურქეთი — 131,814; +45%;
  • აზერბაიჯანი — 124,780; +18%.

ასევე, გაზრდილია ტურისტთა რაოდენობა ევროპიდან და ქვეყნებიდან, რომლის მოქალაქეებიც შედარებით მაღალ ხარჯვისუნარიანობით გამოირჩევიან.

  • აშშ — 18%; (საშუალო დანახარჯი — 3 047 ლარი)
  • დიდი ბრიტანეთი — 35%; (საშუალო დანახარჯი — 3 189 ლარი)
  • ირანი — 34%, (საშუალო დანახარჯი — 2071 ლარი)
  • ისრაელი — 4%; (საშუალო დანახარჯი — 2 047 ლარი) 
  • გერმანია — 67%; (საშუალო დანახარჯი — 2046 ლარი) 
  • პოლონეთი — 71%; (საშუალო დანახარჯი — 2183 ლარი) 
  • ყაზახეთი — 78%; (საშუალო დანახარჯი — 1956 ლარი)
  • ესპანეთი — 5,9 %; ( საშუალო დანახარჯი — 2541 ლარი)

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში ტურისტული ნაკადი 100%-ზე მეტით სულ 14 სახელმწიფოდან გაიზარდა:

  • ტაჯიკეთი — 228% (506 ვიზიტორი);
  • უზბეკეთი — 144% (1486 ვიზიტორი);
  • ყირგიზეთი — 110% (1052 ვიზიტორი);
  • მალტა — 105% (41 ვიზიტორი);
  • დომინიკა — 140% (12 ვიზიტორი);
  • კუბა — 162% (21 ვიზიტორი);
  • ტაივანი — 100% (4 ვიზიტორი);
  • მალაიზია — 148% (283 ვიზიტორი);
  • ლიბია — 300% (16 ვიზიტორი);
  • საუდის არაბეთი — 127% (10,697 ვიზიტორი);
  • სომალი — 312% (33 ვიზიტორი);
  • განა — 100% (8 ვიზიტორი);
  • ნიგერია — 112% (85 ვიზიტორი);
  • სენეგალი — 100% (2 ვიზიტორი).

2018 წელს საქართველოში ტურისტების ჯამური რაოდენობა თითქმის 5 მილიონი იყო, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი. Galt & Taggart-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ტურისტული ნაკადი 11,4%-ით გაიზრდება, ხოლო ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი 3,6 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ტურისტული ნაკადის ზრდის მოლოდინზე უარყოფითად იმოქმედა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ. ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს ფრენები 8 ივლისიდან აეკრძალება. მიუხედავად შექმნილი უარყოფითი მოლოდინებისა, იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველოში არც ერთი რუსი ტურისტი არ ჩამოვა და სხვა ქვეყნებიდან არანაირი ზრდა არ იქნება, საქართველოში წელს, დაახლოებით 4 მილიონი ტურისტი ჩამოვა, რაც უფრო მეტია, ვიდრე 2016 წელს.

კომენტარები