გავრილოვის ღამე – გამოუცხადებელი დარბევის ქრონიკა

20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია. ამ ღამის შემდეგ ორი კვირა გავიდა და ხელისუფლება დღემდე გაურბის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. "მიდიოდა შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე", "შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ქვეყანა გადატრიალებისგან იხსნა", "აქციის დაშლა არ მომხდარა, ეს იყო მოგერიება" - გვესმის მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ვერსიები.  ვეცდებით, ვრცლად გიამბოთ, რამ გამოიწვია პროტესტი და რა ხდებოდა სინამდვილეში 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ

ვინ არის სერგეი გავრილოვი და რატომ ჩამოვიდა საქართველოში?

სერგეი გავრილოვი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, დუმას, წევრია. ის დუმაში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ მან ხმა მისცა გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა. არაერთი წყაროს ცნობით, გავრილოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა და საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. 

გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მოიწვიეს, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი. ამ ასამბლეაზე ქართულ მხარეს "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი წარმოადგენდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ. 

მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა 19-დან 23 ივნისის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიების ყველა დეტალი, მათ შორის, ის, თუ რომელ დღეს სად ჩატარდებოდა სხდომა, წინასწარ დამტკიცებული პროტოკოლით იყო გაწერილი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნებართვა გასცა. 

19 ივნისს ჩატარებულ სხდომას "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კობახიძე და საპატრიარქოს წარმომადგენელი სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდნენ.

 

რას ამბობდა სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღეს? 

გავრილოვი მედიასთან აქტიურად საუბრობდა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, თუმცა ოკუპაციის შესახებ კითხვას თავს არიდებდა. ამასთან, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომზე პასუხისმგებლობა რუსმა დეპუტატმა წინა ხელისუფლებას, შესაბამისად, საქართველოს დააკისრა და თქვა, რომ დღეს საქართველოში არ იმყოფებიან ის პირები, რომლებმაც თავის დროზე სიტუაცია გაამწვავეს. ეს რუსული პროპაგანდის კლასიკური გზავნილია, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვაზე პასუხისმგებლობას საქართველოს წინა ხელისუფლებას ჰკიდებდა, ამავდროულად კი, ქართველ ხალხს რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილად წარმოაჩენდა.

კითხვაზე, გრძნობს, თუ არა დისკომფორტს იმ ქვეყანაში ყოფნით, რომლის 20%-ც მისი ქვეყნის მიერაა ოკუპირებული, გავრილოვი პასუხობდა, რომ დისკომფორტს არ გრძნობს, რადგან "საქართველო მისი მეორე სამშობლოა". 

როდის შეამჩნია საზოგადოებამ გავრილოვი? 

გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მის ვიზიტამდე "ევროპული საქართველოს" დეპუტატები მედიასთან საუბარში ჰყვებოდნენ, თუ რატომ იყო მიუღებელი საქართველოში მისი ვიზიტი, ასევე, რა შეხედულებები და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. 

19 ივნისს სხდომაზე შესვლამდე გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები მოძრაობამ "რუსეთი ოკუპანტია" სირცხვილის კორიდორში გაატარა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს კი, სხდომა საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა, პროტესტის ნიშნად დატოვა. 

გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და სამოქალაქო პროტესტი

წინასწარ გაწერილი და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული რეგლამენტის მიხედვით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მეორე სხდომა 20 ივნისს პარლამენტში უნდა ჩატარებულიყო. 

20 ივნისის დილას ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა. ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსნის საკანონმდებლო ორგანოს იმ დარბაზში, სადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და, მითუმეტეს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომამ, ოპოზიციური პარტიების ლიდერების აღშფოთება გამოიწვია. 

ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, გიორგი კანდელაკმა, ელენე ხოშტარიამ, კაკო ბობოხიძემ, სალომე სამადაშვილმა და თინა ბოკუჩავამ სხდომის ჩაშლა მოახერხეს. გადაწყდა, რომ სხდომა დაგეგმილ ადგილას ვეღარ ჩატარდებოდა და დღის წესრიგში მისი სხვაგან გადატანის აუცილებლობა დადგა. 

ამის პარალელურად მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება და გაპროტესტება დაიწყეს. 

რუსი დეპუტატები სასტუმრო "რადისონში" გააპარეს. გავრილოვის მიერ მოგვიანებით რუსულ მედიასთან გაკეთებული კომენტარების მიხედვით, ასამბლეის სხდომა სასტუმროში გაგრძელდა.

მოქალაქეებმა სასტუმროსთან გადაინაცვლეს. რამდენიმე საათის შემდეგ გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები წინასწარ მიჩენილი სახელმწიფო დაცვის თანხლებით გამოვიდნენ სასტუმროდან. მოქალაქეებმა მას წყლიანი ბოთლები ესროლეს და სირცხვილის კორიდორში კიდევ ერთხელ გაატარეს. 

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს, თუმცა პროტესტი აქ არ დამთავრებულა

რამდენიმე სხვადასხვა აქტივისტურმა ჯგუფმა და პოლიტიკურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 19:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს, თუმცა, მოქალაქეებმა შეკრება უფრო ადრეც დაიწყეს. 19:00 საათისთვის პარლამენტის წინ უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი იყო და ხალხის რაოდენობა ყოველწამიერად იზრდებოდა. 
 

სირცხვილია - ანტირუსული აქცია პარლამენტის წინ
ფოტო: CNN

პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია პოლიტიკურად ჭრელი იყო - მოიცავდა, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრებს. ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადაყენება იყო.

მრავალფეროვნებისა და სიჭრელის მიუხედავად, აქცია ცალსახად ანტირუსული და ანტისაოკუპაციო იყო. ათასობით ადამიანი პარლამენტის წინ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბა ნიშნად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები დასავლურ კურსს ირჩევენ და რომ ისინი არ დაუშვებენ, ქვეყანა კიდევ ერთხელ მოხვდეს რუსული გავლენების ქვეშ.

რა მოხდა 20 ივნისის ღამეს - ქრონოლოგია

20:22 საათი: პარლამენტის ეზოში სპეცტექნიკით სავსე ყვითელი ავტობუსები შეიყვანეს. ამ დროისთვის პარლამენტისა და მთავრობის სახლის ეზოებში უკვე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.

20:38 საათი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია პოლიციამ პარლამენტის ეზოდან გამოაგდო. ის რუსთავი 2-ის გადამღებ გუნდს გამოექომაგა. ტელევიზიის ოპერატორი ეზოში შეტანილი სპეცტექნიკის კადრების გადაღების გამო ეზოდან ცოტა ხნით ადრე გააგდეს. 

21:09 საათი: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია ჭრელი იყო. მიკროფონს რიგრიგობით იკავებდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე პოლიტიკური პარტიების წევრებიც. 10-ის 9 წუთზე ნიკა მელიამ მიკროფონით მთავრობას მიმართა და ერთი საათი მისცა იმისთვის, რომ გადაეყენებინათ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მელიას თქმით, მოქალაქეები პარლამენტში შევიდოდნენ.

"ერთი საათის განმავლობაში, თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, მე მიმაჩნია, ხალხო, აქ ჩვენ არაფერი არ გვესაქმება პარლამენტის წინ. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში და, აი, რომ გადადგებიან, მერე გამოვალთ გარეთ."

მელიას ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის კიბეებზე, სცენასთან, იქ, სადაც ორგანიზატორები და სიტყვით გამომსვლელები იდგნენ, სპეცტექნიკით აღჭურვილი სამართალდამცველები ჩამოდგნენ. სამართალდამცავი სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ეს იყო პირველი შეცდომა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ღამით დაუშვა, რადგან მათი განმარტებით, დაუშვებელია, რომ სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური შეხების საფრთხე არსებობდეს. 

სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილი კი იდგა არა პარლამენტის მთავარი ჭიშკრის უკან, როგორც ეს ხდებოდა ყველა სხვა აქციის მიმდინარეობისას, არამედ ჭიშკრის წინ - ხალხის მხარეს, რამაც მოსახლეობის პროტესტი და სპეცრაზმთან ხელჩართული შეხლა-შემოხლა გამოიწვია.

21:49 საათი: კიბეებთან ახლოს მდგარი, დაახლოებით, 300 მომიტინგე მათ წინ მდგარ სამართალდამცველებს მიაწვა. მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის ხელჩართული ბრძოლა, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. 

იქიდან გამომდინარე, რომ აქცია წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული არ ყოფილა, ადგილზე შესაბამისი ტექნიკა არ იყო, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა უკანა რიგებში მდგომი ადამიანებისთვის იმის გაგებას, თუ რა ხდებოდა წინ. აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ არც კი იცოდა და არ ესმოდა, რა ხდებოდა წინ და, შესაბამისად, არც შეხლა-შემოხლაში იღებდა მონაწილეობას. ათასობით ადამიანი კვლავ მშვიდად აპროტესტებდა იმას, რისთვისაც იქ მანამდე მივიდნენ. 

22:08 საათი: შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში შევიდა. 

22:20 საათი: ნიკა მელიამ რუსთავი 2-თან გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ისინი ითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადაყენებას, რის შემდეგაც მზად არიან, მთავრობასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. 

"ჩვენს ინტერესში არ შედის ივანიშვილის ჩამოგდება. ამ ქვეყნის წარმატება გვინდა" - თქვა მელიამ მაშინ. 

22:24 საათი: პარლამენტში შესვლის მსურველი მოქალაქეების დამშვიდებას ევროპული საქართველოს წევრები გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და სერგო რატიანი შეეცადნენ. ისინი სამართალდამცველებსა და ხალხს შორის ჩადგნენ, ორივე ხელი მაღლა აწიეს და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. 

ამან სიტუაცია ცოტა ხნით განმუხტა. სამართალდამცველებსა და წინ მდგომ მოქალაქეებს შორის ხელჩართული ბრძოლა აღარ იყო, თუმცა ისინი კვლავ რჩებოდნენ შესასვლელის სიახლოვეს. 

23:41 საათი: პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ "რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ არის". რამდენიმე წუთში აღმოჩნდა, რომ პრემიერმა აქციის მონაწილეები შეცდომაში შეიყვანა.

როგორც მოგვიანებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თქვეს, დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან შუამავლის მეშვეობით მიიღეს შეთავაზება, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და მოლაპარაკებები დაწყებულიყო. გიგი უგულავას თქმით, ლიდერებმა იქვე მდგომ ხალხს ჰკითხეს აზრი, მათგან თანხმობის მიღების შემდეგ კი, იმავე შუამავლის მეშვეობით შს მინისტრს შეხვედრაზე დათანხმდნენ. 

შეხვედრა არ შედგა, რადგან რამდენიმე წუთში სპეცრაზმმა აქციის ძალადობრივად დაშლა დაიწყო. 

23:55 საათი: პრემიერმინისტრის განცხადებიდან, რომ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მათი ხელწერა არ არის, ზუსტად 14 წუთში სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტთან აქციის უკანა რიგებში მშვიდობიანად მდგომ ადამიანებს პირველად ესროლა გაზი. მალევე მას მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. გასროლა მოჰყვა. პირველი რამდენიმე გასროლა კვლავ უკანა რიგებს მიემართებოდა.

პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ცოტა ხნით დაიფანტნენ, შემდეგ კი ისევ უკან, პარლამენტის წინ მოგროვდნენ. ამჯერად მომიტინგეებს სპეცრაზმმა ცრემლსადენ გაზთან ერთად, რეზინის ტყვიებიც ესროლა. 

რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის სროლა, დაახლოებით, 1-საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. მომიტინგეები იფანტებოდნენ, შემდეგ კი კვლავ უკან ბრუნდებოდნენ. 

01:45 საათი: ყველაზე ბოლოს სპეცრაზმმა წყლის ჭავლები გამოიყენა და აქცია ამით ბოლომდე დაარბია. 

თუმცა, სხვადასხვა მედიის, მათ შორის, ტაბულას მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სპეცრაზმმა აქციის დარბევის შემდეგ მომიტინგეებზე ნადირობა გამოაცხადა. სამართალდამცველები ქუჩა-ქუჩა ეძებდნენ აქციის გაქცეულ მონაწილეებს და რიგ შემთხვევებში მათ ძალის უხეში გამოყენებით აკავებდნენ.
 

არსებობდა თუ არა პარლამენტში შესვლის რეალური საფრთხე?

ზემოთ მოყვანილი ფაქტების ქრონოლოგია ცხადყოფს, რომ 300-მდე მოქალაქის მიერ პარლამენტში შესვლის რეალური საფრთხე არ არსებობდა.

პარლამენტის ეზოში სპეცტექნიკა 2 საათით ადრე შეიყვანეს იქამდე, ვიდრე პარლამენტის წინ სიტუაცია გამწვავდებოდა ან მელია შესაბამის მოწოდებას გააკეთებდა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, პარლამენტის ეზოსა და შენობის წინ მყოფი სამართალდამცველების საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 7 000-ს უტოლდებოდა. ხოლო, ის ხალხი, ვინც წინ იდგა და, შესაძლოა, ცდილობდა კიდეც პარლამენტის ეზოში შესვლას, რაოდენობრივად გაცილებით ჩამოუვარდებოდა სამართალდამცველებს, რაც მათი მოგერიების შანსს მნიშვნელოვნად ზრდიდა. 

პარლამენტის მთავარ შესასვლელს კი დიდი ჭიშკარი იცავს. უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების ინფორმაციით, ამ ჭიშკრის შემტვრევა არა 300 ადამიანისთვის, არამედ ათასობით მომიტინგისთვისაც კი შიშველი ხელებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. 

ექსპერტები უცნაურსა და გაუმართლებელს უწოდებენ ფაქტს, რომ შსს-მ სპეცრაზმი ხალხთან დააყენა, რადგან მათი განმარტებით, დაუშვებელია სპეცრაზმსა და მოსახლეობას შორის ფიზიკური კონტაქტის შანსი. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი დიდი დემონსტრაციის დროს, რომელიც პარლამენტის წინ ოდესმე გამართულა, სპეციალური დანიშნულების რაზმი დგას არა ჭიშკრის წინ, არამედ მის უკან, რაც საკანონმდებლო ორგანოსთვის დამატებითი უსაფრთხოების ზომას წარმოადგენს. 

ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკან მდგარმა ათასობით ადამიანმა, არცკი იცოდა, რატომ იყო წინა რიგებში ჩოჩქოლი, რადგან მათ ხმა არ ესმოდათ. 

საგულისხმოა ფაქტი, რომ მომიტინგეები დარბევის შესახებ არ გაუფრთხილებიათ. კანონის თანახმად, ამის პასუხისმგებლობა თბილისის მერიას ეკისრებოდა, სადაც გვითხრეს, რომ გაფრთხილების ვალდებულება არ ჰქონდათ, რადგან აქციის ორგანიზატორებმა მათ 5 დღით ადრე არ შეატყობინეს აქციის გამართვის შესახებ. 

აქციის დარბევის შედეგად სულ 240 ადამიანი დაშავდა - აქედან 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და დანარჩენი მშვიდობიანი მომიტინგე. აქციის 3-მა მონაწილემ რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. 38 წლის კაცი მართვით სუნთქვაზე 7 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მეორე უმძიმესად დაშავებული, 46 წლის დავით გრიგორიანი კი კომაში 10 დღის განმავლობაში იყო. 

გავრილოვის ღამე - ამ სახელწოდებით გახდა ცნობილი 20-21 ივნისის მოვლენები მსოფლიოსთვის, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია.

კომენტარები