ეკონომიკა

როგორ ვითარდებოდა საქართველოს ეკონომიკა რუსეთის ბაზრის გარეშე და დაბრუნების შემდეგ

აკა ზარქუა
0 კომენტარი

13 წლის წინ რუსეთმა საქართველოს დასასუსტებლად მის ხელთ არსებული ყველა ეკონომიკური თუ პოლიტიკური ბერკეტი გამოიყენა. მაშინ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის მოთხოვნითა და ახალი ხელისუფლების საგარეო კურსით უკმაყოფილება, საბოლოოდ, ქართული პროდუქციის აკრძალვით, ენერგობლოკადითა და ქართველთა მასობრივი დეპორტაციით დასრულდა.

2006 წლის 22 იანვრიდან, საქართველო მთავარი საექსპორტო ბაზრის და უმსხვილესი ენერგეტიკული პარტნიორის გარეშე დარჩა. რუსეთის ყოვლისმომცველი ბლოკადის ფონზე, ნეგატიური მოლოდინები წარმოიშვა. სხვადასხვა სცენარებით, რუსული ბაზრის დაკარგვით, მშპ-ს 15%-იან ვარდნას და მძიმე ეკონომიკურ კრიზისს წინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, 2007 წელი საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული წელი აღმოჩნდა.

ქართული ეკონომიკა რუსული ბაზრის გარეშე არა მხოლოდ გადარჩა, გაცილებით სწრაფადაც იზრდებოდა, ვიდრე ქართული ოცნების პირობებში, რომელმაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აღადგინა. 2013 წლის შემდეგ, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა, შესაბამისად, რუსეთს საქართველოზე ზემოქმედებისთვის ეკონომიკური ბერკეტი დაუბრუნდა. გავრილოვის ჩაშლილი ვიზიტის და მძლავრი ანტი-საოკუპაციო პროტესტის ფონზე, რუსეთი ამ ბერკეტების გამოყენებით კიდევ ერთხელ დაიმუქრა. უკვე შეიზღუდა ქვეყნებს შორის მიმოსვლა. 

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, წარმოიშვა ნეგატიური მოლოდინები. რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების თუ ქართული პროდუქციის აკრძალვის მუქარით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეები დაშინებას და პანიკის დათესვას ცდილობს. მიზანი უცვლელია, საქართველოს დამაგრება რუსულ ორბიტაზე, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველომ უკვე გამოცადა რუსეთის ძალის სრული სპექტრი, ეკონომიკური ბლოკადიდან სრულმაშტაბიან ომამდე. 

რუსეთის ბაზრის გარეშე

რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები არაერთხელ ქცეულა პრობლემად სხვადასხვა სახელმწიფოსთვის. როგორ წესი, რუსული ბაზარი კრემლის ხელთ არსებული ბერკეტია, რომელიც "ურჩი" მეზობლებისა და პარტნიორების მოსათვინიერებლად გამოიყენება. 

ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ფასი თავზე იწვნია. რუსეთი 2006 წლის გაზაფხულამდე საქართველოსთვის ენერგეტიკის უმსხვილესი მიმწოდებელი და ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო.

ამავე წლის იანვრიდან მაისამდე რუსეთმა საქართველო სრულ ბლოკადაში მოაქცია. 22 იანვარს დაწყებული ენერგეტიკული ბლოკადა 5 მაისს საქართველოდან ყველა სახეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვით დასრულდა. ამავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი 57%-ით შემცირდა. 

2006 დან 2010 წლებში, ექსპორტი რუსეთში ყოველწლიურად იკლებდა, შესაბამისად, იკლებდა რუსული ბაზრის წილი და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ბლოკადის წლებში რუსეთში ჯამურად 286 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორიელდა, ეს ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე, მხოლოდ 2018 წლის მაჩვენებელი. 2009 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობამ დაახლოებით 300 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მინიმუმია.

2006-2012 წლებში საქართველოდან 10,1 მილიარდის ექსპორტი განხორციელდა

რუსეთის ბაზრის წილის შემცირების პარალელურად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა. რუსული საექსპორტო ბაზრის დანაკარგი, უმთავრესად სხვა მეზობელი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ბაზრების ათვისებით დაბალანსდა. 

სწრაფმა რეფორმებმა და ბიზნესის კეთების გამარტივებამ, საქართველო ინვესტირებისთვის მიმზიდველ სახელმწიფოდ აქცია, ამასვე მოწმობს ამ პერიოდში განხორციებული ინვესტიციების რაოდენობაც.

2006-2012 წლებში საქართველოში სულ 39 მილიარდი დოლარის იმპორტი განხორციელდა

პარალელურად მნიშვნელოვნად იზრდებოდა სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხარისხი. ჩიხში მოქცეული ქართველი მეწარმეები, რომლებიც რუსეთის ბაზარზე იყვნენ დამოკიდებულნი, იძულებულნი გახდნენ უფრო კონკურენტულ ბაზრებზე დაემკვიდრებინათ თავი.

2006-2012 წლებში საქართველოში სულ 6,6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

ახალი ბაზრების ძიებაში, შესამჩნევად გაიზარდა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხიც, ამის ყველაზე კარგი მაგალითი ღვინოა. რუსული ბლოკადის ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში წარმოებული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა და გლობალურ ბაზარზე ნიშური პროდუქციის სტატუსიც მოიპოვა.

2006-2012 წლებში საქართველოს ჯამურმა საგარეო სავაჭრო მოცულობამ 50 მილიარდი დოლარი შეადგინა

რუსული ემბარგოს დაწესების წელს, საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა. აგვისტოს ომისა და 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდა. ნეგატიური მოვლენების მიუხედავად 2006-2012 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 6,7% შეადგინა. შედარებისთვის, ბოლო ექვსი წლის მანძილზე რუსული ბაზრის მონაწილეობით საშუალო ზრდა 3,8%-ია

რუსეთის დაბრუნება   

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ე.წ. ნორმალიზების პარალელურად, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან შემჭიდროვდა. ქართული პროდუქციისთვის მალევე გაიხსნა რუსეთის ბაზარი, გამოცოცხლდა მიმოსვლა და გაიზარდა ტურისტული ნაკადიც. 

დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორი და კვლავაც უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია. 2018 წლის მონაცემებით, რუსეთთან ვაჭრობის ჯამური მოცულობა, 1,3 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, რუსეთზე მეტი საქართველომ მხოლოდ თურქეთთან ივაჭრა. მთავარი საექსპორტო ბაზრის სტატუსი რუსეთს 2019 წლის პირველ ნახევარშიც შეუნარჩუნდა. 

2013-2018 წლებში სულ საქართველოდან 16,2 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში სრული ინტეგრაციისთვის ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა. უმთავრესად, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია იგულისხმება, რომელიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მიიღო.

ცხადია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობები გამოაცოცხლა. ბოლო ექვს წელში ევროკავშირში ექსპორტი 106%-ით გაიზარდა, თუმცა იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტის ზრდა 800%-ს აღემატება.

2013-2018 წლებში საქართველოში სულ 48 მილიარდი დოლარის იმპორტი განხორციელდა

სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ლიბერალიზაციისა და სახელმწიფოს როლის შემცირების მოდელიდან, მკაცრი რეგულაციისა და სახელმწიფოს როლის ზრდისკენ შეიცვალა. პირდაპირი თუ ირიბი გზებით ახალი საყოველთაო მოსაკრებლებისა დაწესებამ და არსებულის განაკვეთის ზრდამ მოსახლეობის ეკონომიკური ტვირთი კიდევ უფრო დაამძიმა.

ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები ყველაზე მეტად მოსახლეობის ყველაზე ღარიბმა ფენამ განიცადა. სწორედ, ამ თემაზე ჩატარებული კვლევის შედეგი გახდა, საქართველოს წინა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზიც.

ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა მინისტრები და ოფიციალური პირები არაერთხელ გამოსულან რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შემჭიდროვებისა და რუსულ ბაზარზე საქართველოს პოზიციების გამყარების ინიციატივით. ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და რუსეთის პოზიციების შესუსტების ნაცვლად, სამთავრობო ტრიბუნებიდან საპირისპირო იდეებიც ხშირად ისმოდა და რუსეთთან დაახლოვებაც სწორედ, ეკონომიკის დივერსიფიკაციის მოტივით იხსნებოდა.

2013-2018 წლებში საქართველოში სულ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

გარდა იმისა, რომ ეკონომიკა სწრაფად არ იზრდებოდა, გაიზარდა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება. შესაბამისად, რუსეთს საქართველოზე ზემოქმედების ის ბერკეტი დაუბრუნდა, რომელიც 2006 წლის ბლოკადის შემდეგ აღარ გააჩნდა. პოლიტიკური ვითარების პირველივე დაძაბულობის მომენტში კი, კრემლმა ამ ბერკეტების გამოყენება დაიწყო. ამან ნეგატიური მოლოდინები განაპირობა და ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას შეუწყო ხელი. 

2013-2018 წლებში საქართველოს ჯამურმა საგარეო სავაჭრო მოცულობამ 64 მილიარდი დოლარი შეადგინა

 

რუსეთის ბაზრის გახსნა არ აღმოჩნდა საკმარისი იმპულსი საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდისთვის. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2017 წელს, 4,8%-ით გაიზარდა. ამ წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3,8% შეადგინა. 

რუსეთის ხელთ არსებული ეკონომიკური ბერკეტებიდან ყველაზე მძლავრი, სავარაუდოდ, საქართველოდან პროდუქციის იმპორტის აკრძალვა იქნება. 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან ჯამური ექსპორტის 15% სწორედ რუსეთის ბაზარზე რეალიზდება. იგივე მაჩვენებელი 2018 წლის მონაცემებით, დაახლოებით, 13% იყო.

საქართველოდან რუსეთში გასული პროდუქციის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის. 2018 წლის პირველ ექვს თვეში ქართული ღვინის, დაახლოებით, 65% სწორედ რუსეთში გაიყიდა. საკმაოდ მაღალია მინერალური წყლების წილიც, დაახლოებით - 60%. რუსეთის მხრიდან ქართული პროდუქციის აკრძალვა სწორედ, სოფლის მეურნეობის სექტორსა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე იმოქმედებს. ასეთი, კი საქართველოში, ფორმალურად, თვითდასაქმებული ადამიანების უმეტესობაა.

ეროვნული ბანკის შეფასებით, რუსეთის მხრიდან უკვე შემოღებული სანქციებისგან  მოსალოდნელი ზარალი,დაახლოებით 300 მილიონი დოლარია. საქართველოში მოვლენების რუსეთისთვის არასასურველი სცენარით განვითარებასთან ერთად, მოსალოდნელია კრემლის სადამსჯელო ზომების გაძლიერება, ან ძალის სრული ეკონომიკური სპექტრის გამოყენება 2006 წლის მსგავსად.

ბოლო პერიოდში ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, რუსეთში საქართველოს დასჯა და ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევა ჯერჯერობით გადაიფიქრეს. თუმცა, კრემლისთვის არასასურველი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში.

იმ შემთხვევაში თუ რუსეთი, 2006 წლის მეთოდებს მიმართავს, ქართული ეკონომიკისა და მოსახლეობის წინაშე ახალი გამოწვევა წარმოიშვება, თუმცა რუსეთთან ვაჭრობა ამ რისკს ყოველთვის ატარებდა.

ყველა იმ ბერკეტის გამოყენებით, რომელიც ამ წამს რუსეთს გააჩნია საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიადგება, თუმცა ქვეყანას ესეთი გამოცდილება უკვე აქვს. 2006 წლის გაკვეთილის გათვალისწინებით, მოქმედების ზოგადი რეცეპტი ცნობილია. ამასთანავე, საქართველოს თავისუფალი წვდომა აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და ხარისხიან, ევროკავშირის ბაზარზე. საქართველოს ეკონომიკური კურსი დეკლალირერებულ პოლიტიკურ კურს უნდა დაემთხვეს და რეალურ პრიორიტეტად თავისუფალ სამყაროსთან ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაცია უნდა იქცეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები