20 ივნისის საქმეზე დაკავებულები

20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

0 კომენტარი
ფოტო: newstory.ge

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ოთხივე პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვილი ბრალს არ აღიარებენ.

4 პირი 20 ივნისის აქციის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ივლისს დააკავა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 20 ივნისის გამოძიება ამბოხის მუხლით გაგრძელდება. 

20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. ორ კვირაზე მეტია, პარლამენტთან აქციები იმართება, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, მიტინგის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

20 ივნისის აქციის საქმეზე ორი გამოძიებაა დაწყებული. ერთი "ცალკეულ პირებს" ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას და პარლამენტის შტურმს ედავება, ხოლო მეორე - აქციის მონაწილეების მიმართ "ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან" ძალის გადამეტების ფაქტებს სწავლობს.

პირველ საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას და დააანონსეს, რომ "უახლოეს პერიოდში ბრალდებულთა წრე გაიზრდება". ასევე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს აქციის 4 მონაწილე. შსს-ს განცხადებით, "დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება".

მეორე საქმეზე კი - სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. პროკურატურის ცნობით, "საქმეზე ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება". 

თავად გიორგი გახარიას თქმით, დაელოდება გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება. გახარია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები