რუსული ოკუპაცია

რუსეთი საქართველოს მომავლის ომს აგებს 

კატო კოპალეიშვილი
0 კომენტარი

"მე აქ ვარ იმისთვის რომ კრემლს ვუთხრა - ჩვენ არ დავნებდებით და ჩვენ არ მოვტყუვდებით მათი პოლიტიკური მანიპულაციებით", - მითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, როცა თბილისში, ანტი-საოკუპაციო პროტესტზე, ფოტო რეპორტაჟს ვაკეთებდი. 

რუსული ჰიბრიდული ომი არ არის უცხო დასავლეთისთვის. არჩევნებში ჩარევა, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფილი აგენტების მოწამვლა, fake ნიუსები, რადიკალური პარტიების დაფინანსება - ეს ყველაფერი იმ ინსტრუმენტების ნაწილია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს საზოგადოების პოლარიზაციისა და არეულობის გამოწვევის მიზნით. სტრატეგია ითვალისწინებს პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ ელემენტებს - გებრძვის ყველა ფრონტზე, მიზნად კი უნდობლობას, დაბნეულობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ისახავს. 

ქვეყნებში, რომლებსაც "გავლენის ლეგიტიმურ სფეროს" ნაწილად მიიჩნევს, კრემლი "რუსული სამყაროს" კონცეფციას იყენებს, რომელიც ხაზს უსვამს ისტორიულ და რელიგიურ კავშირებს ქვეყნებს შორის, რათა გააღვივოს ანტიდასავლური განწყობები და დასავლეთი წარმოაჩინოს, როგორც შეუსაბამო კონსერვატიულ და მართლმადიდებლურ ღირებულებებთან. პუტინის სტრატეგია საბჭოთა ნოსტალგიას ეყრდნობა და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის ძმობას, საერთო კულტურას და ენას, წერს მარია სნეგოვაია CEPA-ს ანგარიშში. ეს სტრატეგია ახალი არ არის - წლებია რაც დანერგილია და წლებია რაც წარმატებულად მოქმედებს.

თბილისის აქციებმა დაგვანახა რომ რუსეთს ეს მიდგომა ამოუტრიალდა და ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა. 

აქციები 20 ივნისს დაიწყო, როცა რუსი, კომუნისტური პარტიის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს მთავრობამ საქართველოში დაპატიჟა და მან მართლმადიდებლობის შესახებ სხდომა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან, რუსულ ენაზე წააყვანინა. ბუნებრივია, ამ მოცემულობამ ხალხის გაბრაზება გამოიწვია იმ კონტექსტში, როცა საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, გავრილოვი, რომელიც მხარს უჭერს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას და იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ 90-იან წლებში, იჯდა დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ სკამში და ქართველ ხალხს ესაუბრებოდა რუსეთ-საქართველოს დაახლოებასა და საერთო რელიგიაზე. 

მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს პროტოკოლის შეცდომა იყო, თუმცა ქართველმა ხალხმა არ დაიჯერა. ათასობით ადამიანი, ხუთშაბათს საღამოს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშებით და ანტი-საოკუპაციო მაისურებით გამოვიდა.

ქართული ოცნება 2012 წლიდან ცდილობს რომ ბალანსი ნახოს - ერთს მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას უნდა, ხოლო მეორეს მხრივ, მოსახლეობის უმრავლესობის, პროდასავლური მოქალაქეების დაკმაყოფილებას ცდილობს. ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება ძალიან მაღალია, ხოლო შფოთვა, რომ ის არ ებრძვის რუსულ პროპაგანდას მატულობს. 

ანტი-საოკუპაციო აქციის ძალადობრივი დარბევის მიუხედავად, ქართველი ახალგაზრდები, აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ჟურნალისტები უკვე დღეებია პროტესტს განაგრძობენ. ბიძინა ივანიშვილმა აქციის ორი მოთხოვნა დააკმაყოფილა. მშვიდობიანი აქციები გრძელდება, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე. 

აქციები პუტინისთვის სახეში სილის გაწნაა - წლებია, კრემლი, არა მხოლოდ სამხედრო და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს იყენებს, არამედ კულტურის და იდენტობის ინსტრუმენტალიზაციას ცდილობს, რათა საქართველოში გავლენა გაზარდოს. პროტესტის საპასუხოდ, პუტინმა რუსეთ-საქართველოს ფრენები გააუქმა, საქართველოში მყოფი რუსი ტურისტებს კი რუსეთში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ეს დააზარალებს ქართულ ეკონომიკას, რადგან რუსებს დიდი წილი უკავიათ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში. ასევე აიკრძალა ქართული ავიახაზების ფრენები რუსეთში, ღვინის იმპორტი კი მკაცრად შემოწმდება. მაგრამ, მსგავსი მკაცრი რეაგირება მხოლოდ ერთი რამის მაჩვენებელია: კრემლს ეშინია, რომ ის გავლენას კარგავს და მარცხდება ერთერთ მთავარ, სტრატეგიულ ობიექტზე - საქართველოში.

რუსული დეზინფორმაცია ახალი არ არის - დასავლეთში არსებული პანიკა "fake ნიუსების" შესახებ, კარგად დაცდილია რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. საქართველოში, კრემლის დეზინფორმაცია აგებულია ადგილობრივ შიშებზე - სამხედრო, ეკონომიკური და კულტურულ/რელიგიური. კრემლი მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, მართლმადიდებლურ ეკლესიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე რადიკალურ-ფაშისტურ დაჯგუფებებს ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად იყენებს. დასავლეთს, როგორც უცხოს, შეუსაბამოს და მიუღებელს ხატავს, რათა გამოიწვიოს საზოგადოების პოლარიზაცია, საზოგადოების, რომელიც დღემდე საბჭოთა მემკვიდრეობას და რუსულ გავლენას ებრძვის და ამავდროულად, ლიბერალურ დემოკრატიად ჩამოყალიბებას ცდილობს.

ანტი-სახელისუფლებო და ანტი-საოკუპაციო პროტესტი საზოგადოებრივი დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე მოხდა - ივნისის დასაწყისში, როდესაც LGBTQ აქტივისტები საქართველოში პირველი პრაიდისთვის ღირსების მარშს გეგმავდნენ, მთავრობამ უარი თქვა მათ დაცვაზე, საპატრიარქომ კი, რომელიც აქტიურად წარმოაჩენს რუსეთს, როგორც საქართველოს "მართლმადიდებელ ძმას", ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა მსგავსი მარშის ჩატარება და დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმება მოითხოვა. ამავდროულად, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელსაც ახლო კავშირები აქვს რუსეთთან და აფილირებულია ისეთ ფიგურებთან, როგორც ალექსდრ დუგინია, "ქართველ ვაჟკაცებს" რაზმის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც დაემუქრებოდა და თავს დაესხმოდა LBTQ პირებს და მათ მხარდამჭერებს. პარალელურად, მოქალაქეებს თავს დაესხნენ პირსინგების ან ფერადი ფარდების გამო, საკუთარ სახლებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 

კრემლის მცდელობა, რომ საქართველოში გამოეწვია დესტაბილიზაცია და არეულობა LGBTQ თემის გარშემო და წარმოეჩინა რუსეთი როგორც "მართლმადიდებელი მოკავშირე", წარუმატებელი აღმოჩნდა. მეტიც, კრემლი დღეებია ახალგაზრდების ანტი-საოკუპაციო პროტესტს უყურებს. დუმას დეპუტატებმა საქართველოს ბოდიშის მოხდა სთხოვეს, ქართველებმა კი "პუტინ ხუილო" იმღერეს. ქართველმა ახალგაზრდებმა კრემლი გააბრაზეს და შეახსნეს, რომ როგორი მეგობრული პოლიტიკაც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს არ უნდა მეგობრობა და ძმობა ქვეყანასთან, რომელსაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს.  

მეორეს მხრივ, ევროსაბჭოში, რუსეთს ხმის მიცემის უფლებები აღუდგინეს, რომელიც მან ყირიმის ანექსიის დროს დაკარგა. ეს ძალიან არასწორ მესიჯს უგზავნის რუსეთის პროდასავლურ მეზობლებს - მათ სჭირდებათ დასავლეთის დახმარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასავლეთს სჭირდება ისინი. თუ რუსეთი არ გააჩერეს საქართველოს, უკრაინის, ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან, კრემლი თავისით არ გაჩერდება, როცა იცის, რომ მას ეს გაუვა. ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ, იმის მაგივრად, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაათბოს, უნდა გამოიმუშაოს ნათელი ინტეგრაციის პოლიტიკა ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთს, როგორც მიწაზე, ასევე ადამიანების გონებაშიც ებრძვიან. უნდა გამოიმუშაონ ყოვლისმომცველი სტრატეგია, რათა კრემლს უპასუხონ ყველა ფრონტზე, რადგან ეკონომიკური სანქციები არაა საკმარისი იმ საფრთხის აღმოსაფხვრელად, რასაც რუსეთი წარმოადგენს. 

მიუხედავად კრემლის მცდელობებისა და ევროპის გადაუწყვეტელი პოლიტიკისა, საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ რუსეთი საქართველოს ვერ იგებს, ქვეყანა მყარად დგას რუსეთის ოკუპაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ. კრემლის მცდელობებმა არ გაამართლა და უკან დაუბრუნდა. ქართველი ახალგაზრდები არამხოლოდ რუსეთს ასწავლიან გაკვეთილს, არამედ ქართულ ოცნებასაც - არ უნდა ეთამაშონ ცეცხლს, როცა საქმე საქართველოს სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესს ეხება.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა capx.co-ზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები