ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი მიიღო

50 მომხრე, 5 წინააღმდეგი - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე საქართველოს პროექტი - "უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში" ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

26-პუნქტიან რეზოლუციაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაა აღწერილი. საუბარია ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე. ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ეთნიკური დისკრიმინაცია და არაადამიანური მოპყრობაა ასახული.

"აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, შეწყდეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შელახვა, მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიებს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში!" -  განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯმდომარე სოფიო ქაცარავამ რეზოლუციის წარდგენისას.

კომიტეტზე დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და უკრაინის დელეგაციების წევრებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის დაცვისკენ მოუწოდეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთლის განცხადებით, კომიტეტზე რეზოლუციის განხილვის პროცესში რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან "წარმოუდგენლად თავხედური" განცხადებები გაკეთდა.

რეზოლუციის პროექტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილება, დამტკიცების შემდეგ კი დოკუმენტი ლუქსემბურგის საბოლოო დეკლარაციაში აისახება.​

კომენტარები