ლევან ვასაძე

ვასაძე ღირსების მარშზე: ჩვენი ამოცანაა, თუ იქ იქნება, პოლიციის კორდონის გარღვევა

პრორუსმა ბიზნესმენმა, ძალადობრივი პროპუტინისტური ჯგუფების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ 8 ივლისს დაანონსებული ღირსების მარშის წინააღმდეგ 10 საათიდან ვერის ბაღში შეიკრიბებიან. მისი თქმით ხალხი ამისათვის რეგიონებიდან ჩამოდის:

"მაშ ასე, ე.წ. პრაიდის თარიღი განცხადებულია და ეს პრაიდი რა თქმა უნდა არ შედგება. ხვალ დილას, ორშაბათს 10 საათზე ყველანი ვიკრიბებით ვერის ბაღში. ზუსტი დრო და ადგილი ამ სიბილწის პროპაგანდისა ან ჩვენი შვილების გარყვნის მცდელობისა ან ჩვენი უძველესი ტრადიციული ქრისტიანული კულტურის შეურაცხყოფის მცდელობისა, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ჩვენ დილას შევიკრიბებით რამოდენიმე ათასი ადამიანი, დაძრულია ჯგუფები მთიულეთიდან, ხევიდან, სვანეთიდან, დასავლეთ საქართველოდან, აღმოსავლეთ საქართველოდან უამრავი ხალხი მოდის თბილისიდან და დაველოდებით ადგილსა და დროს. მინდა შევახსენო ყველა ჩვენს მომხრეს, ვინც ვერის ბაღში მოვიდა პირველ ჩვენს შეკრებაზე 16-ში, ჩვენი სამოქმედო გეგმა - ჩვენ იქ არ მივდივართ არაფრისთვის გარდა წესრიგის დამყარებისა."

მან ასევე თქვა, რომ ვერის ბაღში შეკრებილთა მიზანი იქნება პოლიციის კორდონის არსებობის შემთხვევაში მისი გარღვევა და ღირსების მარშის მონაწილეთა ქამრებით გათრევა:

"ჩვენი ამოცანა არის თუ იქ იქნება პოლიციის კორდონი მისი გარღვევა და უსირცხვობის და გარყვნილების პროპაგანდისტების იქიდან გათრევა. ვისაც არ გეზარებათ და ვისაც არ დაგავიწყდებათ გთხოვთ თან იქონიოთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები ან ზეწრის ნაჭრები რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და ასევე ხელზევე შებმული ქამრები, რათა იქიდან შევძლოთ ამ ქამრების მეშვეობით გავათრიოთ ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელები.

არა აქვს მნიშვნელობა ისინი ამოეფარებიან ან იქნებიან ვიღაც საწყალ ნარკომანებთან ერთად ჯვარი სწერიათ ან ვიღაც საწყალ უცხოელებთან ერთად ან ნებისმიერ არასამთავრებოების თანამშრომლებთან ერთად ან ნებისმიერ იმ ადამაინთან ერთად ვინც არ ემორჩილება ჩვენი სახელმწიფოს განჩინებას შინაგან საქმეთა სამინისტროს განჩინებას, გადის კანონს მიღმა და რაც მაგაზე უფრო მთავარია გადის წესის და რიგის, ანუ, წესრიგის მიღმა და არღვევს ჩვენ ტრადიციას. ყველა ამ ადამიანს ჩვენ გავათრევთ იქიდან და მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ ჩვენ კომბლები გვიდევს სხვენში." თქვა მან.

ვასაძე ვიდეოში ასევე ამბობს, რომ ნებისმიერი მსხვერპლი და დაძაბულობა, რაც ხვალ მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძე გასულ თვეს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს, რაც უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანებას გულისხმობს.

16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებდნენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა.

კომენტარები