რუსთავი 2

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა

რუსთავი 2

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერი რამდენიმე წუთის წინ გაითიშა. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ტელეკომპანიის წინ მიმდინარე აქცია ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული და მაუწყებლობას შეწყვეტენ, ვიდრე მათი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი:

"უკვე ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არ არის სპონტანურად შეკრებილი აქცია, არამედ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული აქცია. ვხედავთ აბსოლუტურად ნაცნობ სახეებს, რომლებიც ყველა ვითარებაში ჰყავს გავეშებული საქართველოს პრო-პუტინისტურ ხელისუფლებას. ახლა უკვე შეგვიძლია, ეს დანამდვილებით ვთქვათ.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღეს გაბუნიას ძალიან სამწუხარო ინციდენტისა და შეცდომის ერთადერთი პოზიტიური მხარე აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში მოხდა აბსოლუტური ლუსტრაცია, მივიღეთ ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი ხარისხის ლუსტრაცია, ვიდრე ეს იყო გავრილოვის მოვლენების დროს. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიტანა ეთერში პუტინის უხამსად მოხსენიება.

ვიძლევი განკარგულებას, რომ მოიხსნას ყველა ჯგუფი პირდაპირი გაშუქებიდან. ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა, ისევე როგორც ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ პირდაპირ ტრანსლაციას და, ამ წუთიდან, ვიდრე არ იქნება სრული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი "რუსთავი 2"-ის, ჩვენ საერთოდ ვაჩერებთ მაუწყებლობას. მაშ ასე, რუსთავი2 წყვეტს საკუთარ მაუწყებლობას, ჩვენ ახლა ვაქრობთ მიმდინარე ეთერს, ყველა ჟურნალისტი შემოვა ტერიტორიაზე." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის წინ აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოსტსკრიპტუმის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის მიმდინარეობისას ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

ამის შემდეგ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ მისი გამოხატვის ფორმას.

"რუსთავი 2"-ის წინ შეკრებილების ნაწილი ტელეკომპანიიდან გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას წასვლას მოითხოვენ.

კომენტარები