გიორგი გაბუნია

პესკოვი გაბუნიაზე: ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალგაზრდებს არ თოკავს

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
Russia Insider

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას, მიერ ვლადიმერ პუტინის გინებას გამოეხმაურა. 

დიმიტრი პესკოვი გაბუნიას მონოლოგს "რუსოფობიის" გამოვლინებად მიიჩნევს. მისი თქმით, ამის ერთერთი მიზეზი ის არის, რომ "ხელისუფლებას არ სურს მოთოკოს ექსტრემისტული განწყობების მქონე ახალგაზრდები". პესკოვი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას გულისხმობს. 

"ჩვენ თქვენთან ერთად ვაკვირდებით ბოლო დღეებში რუსოფობიის სულ ახალ და ახალ შემთხვევებს და ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა იმის შედეგი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან არ სურს, ან მზად არ არის, მოთოკოს ექსტრემისტული განწყობების მქონე ახალგაზრდები. სწორედ ეს არის ის უარყოფითი შედეგი, რომელსაც ვაკვირდებით", - თქვა პესკოვმა. 

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტ სკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა.

კომენტარები