ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები შს მინისტრს მოუწოდებენ, თანამდებობა დატოვოს. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე პროპუტინისტურ ძალებს და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პოლიციის და ავტობუსების კორდონი ჰყოფს.
"თუ გახარიას ეშინია დაპირისპირების, ყველაზე კარგია დროა, რომ გადადგეს. ახლა სჭირდება ქვეყანას ყველაზე მეტად თქვენი გადადგომა, გადადგეს გიორგი გახარია, წავიდეს სახლში და ჩვენ მაშინვე დავიშლებით" - თქვა "სირცხვილიას" მონაწილემ.
დილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროპუტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს. დავით ისაკაძემ ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას მოითხოვა და განაცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. ისაკაძემ ასევე გადაწყვიტა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს მეთვალყურეები დაუყენოს.
პროპუტინური ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. ისინი პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ, მათივე "უსაფრთხოებიდან გამომდინარე".