რუსული ოკუპაცია

ემზარ კვიციანმა კორდონის გარღვევა და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან გადასვლა სცადა

რუსთაველის გამზირზე, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან გადასვლა სცადა. მას ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც კვიციანის და მასთან ერთად მყოფი პირების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი სკანდირებდნენ "წადი, წადი".

დილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროპუტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს. დავით ისაკაძემ ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას მოითხოვა და განაცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. ისაკაძემ ასევე გადაწყვიტა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს მეთვალყურეები დაუყენოს.

პროპუტინური ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. ისინი პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ, მათივე "უსაფრთხოებიდან გამომდინარე".

პრორუსულ და ანტისაოკუპაციო აქციებს ამ დროისთვის პოლიციის და ავტობუსების კორდონი ჰყოფს.

კომენტარები