რამზან კადიროვი

კადიროვი ითხოვს, რომ გაბუნიას გამო საქართველოს მთავრობამ პუტინს და რუსეთს ბოდიში მოუხადოს

imgkid.com

რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი გაბუნიას მიერ პოსტსკრიპტუმში ვლადიმირ პუტინის მისამართით გინების გამო საქართველოს მთავრობამ პუტინს და რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს.

"კავკასიაში მამაკაცი ასეთ სიტყვებს არ გამოთქვამს თავისი მოსისხლე მტრის მიმართაც კი. გაბუნია ლაჩარია. ეს ქართველი ხალის და საქართველოს სირცხვილია. ჩვენ გამუდმებით ვერ მოვაჩვენებთ თავს, თითქოს ვერ ვამჩნევთ საქართველოს მხრიდან ხაზგასმით მტრულ გამოსვლებს. ამიტომ აუცილებელია ყველაზე მკაცრი სანქციები, რომლებიც გავლენას არ მოახდენს რუსეთის მოქალაქე ქართველებზე. ახლა ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ საქართველომ განსაჯა ამ გარეწრის გამოხტომა, მაგრამ საჭიროა არა შეფასება, არამედ მისი პირდაპირი ეთერიდან ჩამოშორება." დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიას მიერ "პოსტსკრიპტუმის" პირდაპირი ეთერით ვლადიმერ პუტინის გინებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგი ღია პროვოკაციაა. 

"რუსთავი 2-ის ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას განვიხილავთ, როგორც ქართული რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების წინააღმდეგ. ეს ინციდენტი ცხადი მაგალითია იმისა, სადამდე მიდის უკონტროლო რუსოფობია."

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 20 ივნისისგან განსხვავებით საქართველოს ხელისფულებამ არ დაიწყო „რადიკალური ძალების“ გამართლება და საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ გაემიჯნოს პროვოკაციას და დაგმოს ეს ქმედება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად და სამართლიანად აფასებს "რუსთავი 2“-თან გამართულ აქციას.

"ველით ადეკვატურ რეაქციებს პროფილური საერთაშორისო და ჟურნალისტური საზოგადოებებისგან. ასეთ გამოვლინებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს ცივილიზებულ ქვეყანაში,"-ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავდროულად, რუსეთის დუმა მთავრობას სთხოვს, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი, ასევე საქართველოში ფულადი გზავნილებიც აკრძალოს. ამის შესახებ ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დუმის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა.

რამდენიმე საათით ადრე ამ წინადადებით პარტია "ერთაინი რუსეთი" გამოვიდა. მას მხარი დაუჭირა პარტიამ "სამართლიანი რუსეთი", "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია" და "ლიბერალ დემოკრატიული პარტია".

დუმა საქართველოსათვის დამატებითი სანქციების დაწესებას ხვალ განიხილავს.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტ სკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა.

კომენტარები