აქცია სირცხვილია

ტაბულას მძღოლმა, დავით ჭეიშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა

ტაბულა

ტაბულას მძღოლმა, დავით ჭეიშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა.

ადვოკატის, თამარ პატეიშვილის თქმით, ის ძველი თბილისის მე-7 განყოფილებაში 12:30-ზე გამოცხადდა. თავდაპირველად პოლიცია ეუბნებოდა, რომ ჭეიშვილი ამ განყოფილებაში არ იყო, თუმცა, პოლიციის უფროსთან გასაუბრების შემდეგ დადგინდა, რომ მძღოლი ნამდვილად ამ განყოფილებაში იმყოფებოდა. პატეიშვილმა მის გამოკითხვაზე დასწრება შეძლო. 

"ფაქტი ეხება იმას, რომ მანქანიდან შტატივი იყო გამოშვერილი, რომელიც პოლიციის თანამშრომელს შეეხო მხარზე და ამის შედეგად მას ჯანმრთელობა დაუზიანდა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით იყო დავით ჭეიშვილი გამოკითხვაზე მიყვანილი. მან განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რადგან ეს მას არ დაუნახავს". 

ადვოკატისვე თქმით, ჭეიშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. 

ტაბულას მძღოლი, რომლის მანქანაშიც ანტისაოკუპაციო აქციის აპარატურა ეწყო, პოლიციამ გაიტაცა. 

8 ივლისს სამართალდამცველებმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცეს, პარლამენტის სცენასთან აპარატურა აეწყოთ, პარალელურად კი რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში პრორუსული ძალების აქცია იმართებოდა და თბილისის მთავარ გამზირზე ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები ისმოდა. 

აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორები რუსთაველზე შეკრებლ სწორედ ტაბულას კუთვნილ პიკაპზე მოწყობილი სახელდახელო სცენიდან მიმართავდნენ.

მანქანის საბარგულში ეწყო რამდენიმე ტელევიზიის, ასევე პარტია ევროპული საქართველოს კუთვნილი აპარატურაც. 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტაბულას უთხრეს, რომ აპარატურის მანქანაში ქონა უკანონოა. 

შსს-მ ეს ინფორმაცია უარყო და გვითხრა, რომ ტაბულას მძღოლი რუსთაველის გამზირზე ავარიაში მოჰყვა, დაშავებულია მესამე პირი და სწორედ ამ საქმეზე ის გამოკითხვაზე იყო გადაყვანილი, თუმცა, შსს რამდენიმე საათის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, პოლიციის რომელ სამმართველოში იმყოფებოდა ჭეიშვილი. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუაცავიის წესის დარღვეას გულისხმობს. (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ)

ჭეიშვილი ჟურნალისტებსაც ემსახურება და მისი დაკავებით ტაბულას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა.

კომენტარები