რუსეთის კომუნისტური პარტია

რუსეთის კომუნისტური პარტია როსპოტრებნადზორს სთხოვს სახინკლეებს საპელმენეები გადაერქვას

ФедералПресс და Аргументы Недели ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სააგენტოს (Роспотребнадзор) მიმართა მოთხოვნით სახინკლეებს საპელმენეები გადაერქვას.

პარტიის წარმომადგენელი, იაროსლავ სიდოროვი ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოს მიმართ ყველაზე მკაცრი ზომების მიღება.

"მოგვიწოდებენ საქართველოში დასვენებისკენ, ყველგან ქართული სამზარეულოს რეკლამაა. ეს პოლიტიკურად არასწორია, ეს ამცირებს რუსეთს. ისინი გვაფურთხებენ და ჩვენ ვიხოცავთ. საჭიროა, ხაჭაპურის ნაცვლად ყველგან დავწეროთ - პიშკები, პეროგები. რუსეთში უნდა დასრულდეს ყველაფერი ქართულის კულტი." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო დუმამ განიხილა წინადადება, რომელიც საქართველოში "ანტირუსული პროვოკაციების" გამო რიგი ეკონომიკური ზომების მიღებას ითვალისწინებს. ქვედა პალატა მინისტრთა კაბინეტს მოუწოდებს, პრეზიდენტ პუტინს შესაბამისი წინადადებით მიმართოს.

დუმის წარმომადგენლებმა "საქართველოში მიმდინარე უწყვეტი ანტი-რუსული პროვოკაციები" გააკრიტიკეს და ბოლოდროინდელ მოვლენებს "საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე რადიკალური ძალების ღია თავდასხმა" უწოდეს.

განხილვისას კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა წამოაყენა ინიციატივა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად გაწყვეტის თაობაზე, რაზეც მას შეახსენეს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები რამდენიმე წელია აღარ არსებობს.

მმართველმა პარტიამ "ედინაია რასიამ“ საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლის ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხი დააყენა. ვიცესპიკერ სერგეი ნევეროვის განმარტებით, ზომების მიღება საქართველოში მიმდინარე "არამეგობრული ქმედებების" გამო გახდა საჭირო.

კომენტარები