ზვიად ძიძიგური

ძიძიგური: ვარდების რევოლუცია იყო შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი გზით

ტვ.პირველი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ვარდების რევოლუცია მთავრობის ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. ამის შესახებ მან ტვ. პირველის ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ვარდების რევოლუციას, ქვეყნისთვის არაფერი სიკეთე არ მოუტანია. 

"მე ვარ ორი გადატრიალების მომსწრე საქართველოში. ერთი 1991-92 წლებში, როდესაც ძალით მოხდა ხელისუფლების დამხობა და 20 წელი სისხლიანი კარუსელი ტრიალებდა საქართველოში. მეორე, ვარდების რევოლუციის მომსწრე გახლავართ, ე.წ რევოლუციის, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუარა მაშინ დემონსტრანტებმა. რა თქმა უნდა ვარდების რევოლუცია, ეს იყო შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი გზით. მართალია სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ ამ ძალადობრივი გზით შეცვლამ არაფერი სიკეთე არ მოუტანა, ისევე როგორც ზვიად გამსახურდიას სიკვდილმა არ მოუტანა."-ამბობს ძიძიგური. 

მისივე თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების ძალით შეცვლა, არ შეიძლება. 

ვარდების რევოლიციით შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა უარყოფით კონტექსტში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმაც ახენეს. მათ 2003 წლის მოვლენებს, 1991 წლის პუტჩს და 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოლენებს შორის ტოლობის ნიშანი დასვეს.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს მოვლენები "ვარდების რევოლუციის" სცენარით ვითარდებოდა, ამიტომ საჭიროა გამოძიება, რათა გაირკვეს, ვინ იდგა ამ სცენარის უკან.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება 3-ჯერ შეიცვალა: 1991 წლის პუტჩის შედეგად, როდესაც 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით თბილისის ომი დაიწყო. 

2003 წელს, ვარდების რევოლუციით. ედუარდ შევარდნაძის მიერ არჩევნების გაყალბებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, 23 ნოემბერს კი პრეზიდენტის გადადგომით გაგრძელდა. 

და 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების გზით. 

კომენტარები