აშშ

აშშ ირანისა და იემენის მიმდებარე წყლების დასაცავად საერთაშორისო სამხედრო კოალიციას ქმნის

Getty Images

აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებსაც პოლიტიკური ნება აქვთ და გეგმას მხარს უჭერენ.

გეგმის მიხედვით აშშ-ის ხომალდები დაზვერვას და მისიების მონიტორინგს განახორციელებენ, ხოლო მოკავშირე ქვეყნების გემები პატრულირებას და სავაჭრო ხომალდების ეკორტირებას. გენერალ დანფორდის თქმით მასშტაბები მოკავშირე ქვეყნების რაოდენობასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

ჰორმუზისა და ბაბ ელ-მანდების სრუტეები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუტქტებია, რომლებიც წითელ ზღვასა და სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებენ. მხოლოდ ბაბ ელ-მანდების სრუტეში ყოველდღიურად ოთხი მილიონი ბარელი ნავთობი გადის.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები უკანასკნელი თვეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის მაისში მიიღო გადაწყვეტილება 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ და ქვეყანას სანქციები ხელახლა დაუწესა, ირანულმა მხარემაც განაცხადა, რომ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებენ და ურანის გამდიდრებას აგრძელებენ.

მიმდინარე წლის მაისში კი ტრამპმა ირანს სანქციები გაუმკაცრა და სპარსეთის ყურეში ავიამზიდი და ბომბდამშენები გაგზავნა.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ ირანს ადანაშაულებს. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

20 ივნისს ირანმა ჰორმუზის სრუტის თავზე აშშ-ის სამხედრო დრონი ჩამოაგდო. მათი თქმით დრონი ირანის საჰაერო სივრცეს არღვევდა, თუმცა აშშ-ში ირწმუნებიან, რომ ის საერთაშორისო წყლების თავზე დაფრინავდა და თავდასხმების შემდეგ ტანკერებს აკვირდებოდა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დრონის ჩამოგდების საპასუხოდ ირანზე სარაკეტო იერიშს განიხილავდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და სანაცვლოდ კიბერ თავდასხმა განხორციელდა.

რაც შეეხება იემენს, ქვეყანაში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

აშშ საუდის არაბეთის კოალიციას, რომელშიც კიდევ 8 არაბული ქვეყანაა გაერთიანებული მილიონობით დოლარის იარაიღით ეხმარება და იემენში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებზე დრონებით თავდასხმებშიც მონაწილეობს.

კომენტარები