20 ივნისის საქმე

"არ აპირებს წასვლას" - რას ამბობენ გიორგი გახარიასთან დახურული შეხვედრის მონაწილეები

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის საქმეზე სამხედრო ექსპერტებს და პოლიტოლოგებს შეხვდა. დახურული შეხვედრის რამდენიმე მონაწილე ყვება, რაზე ისაუბრა გიორგი გახარიამ.

ამირან სალუქვაძემ "კვირას" პრესკლუბში გმართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მინისტრის ცნობით, აქციის დაშლისას სამი ტიპის რეზინის ტყვია გამოიყენეს. მისივე თქმით, გიორგი გახარიას განმარტებით, 20 ივნისს პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ სხვა დღეებთან შედარებით, დეპუტატებმა ბევრი საშვის გაცემა მოითხოვეს.

"მან თქვა, რომ [დიდი ზომის ტყვიების გამოყენებისას] იმოქმედა, გარკვეულწილად პანკისის მოვლენებმა, აქციამ, როცა, ფაქტობრივად, ზეგავლენა ვერ მოახდინა იმ პატარა რეზინის ტყვიებმა. ეს მისი მოსაზრება იყო, ღიად ისაუბრა. თქვა, რომ შესაძლოა, ესეც ყოფილიყო ერთერთი მიზეზი, რომ ეს ტყვიები გამოიყენეს, რადგან შავმა ტყვიებმა ვერ იქონია ეფექტი.

მინისტრმა ისაუბრა შიდა რეგულაციებზეც და აღნიშნა, რომ ტყვიებზე ქარხნულად დაწესებულია ნორმა არანაკლებ 10 მეტრისა, ხოლო შიდა რეგულაციებით, სპეცრაზმელებს არ აქვთ ამ ტყვიების გამოყენების უფლება 20 მეტრზე ნაკლები სიშორიდან. შეცდომები არის ამ ტყვიების გამოყენების წესების ნაწილში და არა სახეობებში. 

მას აქვს მზადყოფნა, ყველა ვინც პასუხისმგებელია, პასუხი აგოს და თავის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც, რა თქმა უნდა, არ გაურბის. თქვა, რომ იყო ცალკეული შემთხვევები, როცა დაედევნენ ადამიანებს და არ იყო არანაირად ძალის გადაჭარბების აუცილებლობა. ანუ არ იყო აუცილებლობა და ვიღაცას დაავიწყდა, რომ ადამიანებთან აქვს საქმე, მერე რა, რომ ის აპროტესტებდა და ერთი საათის წინ გირტყამდა, სპეცრაზმელს აქვს თმენის ვალდებულება.  ესეც იქნება გამოძიებული.

შესაფასებელია ყველაფერი და მან თქვა, რომ ზღვა ვიდეომასალა არის, რომელიც მათ მიერაც არის გადაღებული, ტეოლევიზიების ვიდეოებიც და ცდილობენ, მოქალაქეებისგან მობილური ტელეფონებით გადაღებული ვიდეომასალის ამოღებას, ამას საკმაო დრო დასჭირდება, ერთი ადამიანის დაკითხვას საათები სჭირდება და პლუს, მამტკიცებელი მასალების გაანალიზება." - ამბობს სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ დაახლოებით 20-კაციანი დახურულ შეხვედრაზე, გიორგი გახარიამ ყველაფერზე ისაუბრა - 20 ივნის პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერებიდან დაწყებული, მიტინგის დაშლით დამთავრებული.

"ისაუბრა გადაწყვეტილებაზე, რატომ გააძლიერეს პარლამენტის შენობა. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სიგნალი, გარდა იმ განცხადებებისა და ფონისა, რაც შეიქმნა, ერთერთი ინდიკატორი იყო, ფაქტობრივად, გაათმაგებული რაოდენობით საშვების გამოწერა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. მან ციფრებიც კი დაასახელა, რომ თუ რომელიმე პარტია, საშუალოდ დღეში 2-3 საშვს უშვებდა, ამ შემთხვევაში დეპუტატები ახდენდნენ 10 და მეტი საშვის დაშვებას. მთლიანობაში, ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ ციფრს მიიღებდა, დავუშვათ, 30-40-მა დეპუტატმა 10-20 ადამიანი რომ შეიყვანოს, გამოდის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შიგნით. ეს იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რის გამოც მიიღეს ის ზომები, რაც მიიღეს" - ამბობს სალუქვაძე.

დახურული შეხვედრის შესახებ მამუკა არეშიძემაც ისაუბრა. კვირას პრესკლუბში არეშიძემ თქვა, რომ გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

"მინისტრმა მოჰყვა იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი; რა მოხდა, ზოგადად, 20 ივნისს. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და ყველაფრის თქმის საშუალება არ აქვს. თვითონვე განაცხადა, რომ არ აპირებს წასვლას, რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს – თქვა, რომ ბოლომდე არის მისი პასუხისმგებლობის საკითხი, მე ვარ მთელი ამ პროცესის თავი და თავი და მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით ბრძანებაც ჩემი გაცემული იყოო" - აღნიშნა არეშიძემ. მისივე თქმით, შს მინისტრმა ხაზგასმით თქვა, რომ მიტინგის დაშლის დროს, რამდენიმე შემთხვევაში "გადაცდენა იყო".

"ერთ ეპიზოდსაც კი მოჰყვა - 50 მეტრიდან სადღაც სკვერში მდგარ ადამიანებს ესროდა ერთერთიო. ეს მისი სიტყვებია. მან თქვა, ყველაფერი უნდა გაირკვეს, ვინ რა ჩაიდინა და შემდეგ დასკვნების გაკეთება შეგვეძლებაო" - თქვა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. სამი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა.

20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, მუხლი გადააკვალიფიცირა და "ცალკეულ პირებს" სახელმწიფო ამბოხში ედავება. საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას, ასევე, დააკავეს აქციის ოთხი მონაწილე.

აქციის დაშლისთვის კი, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, ხოლო მათგან ორის ქმედებებში "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები