ზოიძე "სირცხვილიაზე": რა საქართველოს მოქალაქეები, ესენი არიან მტრები და მე-5 კოლონა

მეორე არხი

ქართული ოცნების დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის "სირცხვილია" მონაწილეები მე-5 კოლონას შეადარა და მათ მტრები უწოდა. 

ამის შესახებ ზოიძემ ტვ პირველის ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" ისაუბრა. ჟურნალისტი მას ეკითხებოდა, რატომ არ გააკეთა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებაზე განცხადება მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ის ძალიან მკაცრად გამოეხმაურა. 

"არანაირი საქართველოს მოქალაქეები. ესენი არიან მტრები და მე-5 კოლონა. ეგაა, ვითომ ხელს რომ უსვამთ ამათ. რა მოქალაქეები, წარმოიდგინეთ. რისი გულისთვის აკეთებენ ამას, გამაგებინეთ. გვაკარგვინებენ ყველანაირ მორალურ უპირატესობას, რომელიც გვაქვს. ვინ დგას იქ, ისევ "ნაციონალური მოძრაობა"? ნაწილი მათგანი. კი არიან იქ ახალგაზრდები, რომლებიც თვლიან, რომ გიორგი გახარიას გადადგომა მთავარია,"- ამბობს ზოიძე. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. სამი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა.

20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, მუხლი გადააკვალიფიცირა და "ცალკეულ პირებს" სახელმწიფო ამბოხში ედავება. საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას, ასევე, დააკავეს აქციის ოთხი მონაწილე.

აქციის დაშლისთვის კი, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, ხოლო მათგან ორის ქმედებებში "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

კომენტარები