უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

დოლიძე და ჯანეზაშვილი ითხოვენ, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა შეჩერდეს

0 კომენტარი

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას და კონკურსის ხელახლა გამოცხადებას ითხოვენ. 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ეს ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, საუბარია 50 ადამიანისგან შემდგარი სიის შედგენის დროს ნეპოტიზმსა და საბჭოს ზოგიერთ წევრს შორის სავარაუდო გარიგებებზე. 

ანა დოლიძემ თქვა: 

„ჩვენ ვითხოვთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი შეწყდეს, რადგან აკუმულირებულია უამრავი დარღვევა და ამ დარღვევების შედეგად შერჩეული მოსამართლეები მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებენ, ვერ გააძლიერებენ უზენაეს სასამართლოს.

იუსტიციის საბჭო უარს ეუბნება მოსახლეობას, გადასცეს ინფორმაცია კანდიდატების შესახებ. ამასთან დაკავშირებით საბჭოს ცალკე რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კონსტიტუციის და ორგანული კანონის მოთხოვნა, იუსტიციის საბჭო არ აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას, თუ ვის სურს, იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

მეორე სერიოზული დარღვევა არის ის შესაძლო გარიგებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 50-კაციანი სიის შედგენისას. სახალხო დამცველის კვლევის შედეგად ჩანს, რომ ეს დამთხვევები ბადებს კითხვებს. ჩანს სერიოზული დამთხვევები 10 ბიულეტენში. ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო გარიგებებს იუსტიციის საბჭოს უმრავლესობაში, რის შედეგადაც, მოხდა სიის ფორმირება ანუ საბჭოს წევრები არ იღებდნენ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად, არამედ როგორც სახალხო დამცველი მიუთითებს ადგილი ჰქონდა წინასწარ შესაძლო შეთანხმებას სიასთან დაკავშირებით“, – თქვა ანა დოლიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილი კი კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს. 

„დღეს არსებული დარღვევებიდან გამომდინარე სამწუხაროდ, ჩვენ მივედით იმ ეტაპზე, რომ ვითხოვთ შერჩევის ეტაპის შეწყვეტას. დარღვევები არის საკმაოდ სერიოზული და ეს უკავშირდება ნეპოტიზმსა და კონკრეტული ჩინჩალაძის მაფიის ინტერესებს. კონკურსში მონაწილეობენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების, თამარ ონიანის და ორაკლი შენგელიას ნათესავები. ერთ შემთხვევაში ეს არის ცოლის ძმა, მეორე შემთხვევაში ეს არის მაზლი. წარმოუდგენელია კონსტიტუციურ ორგანოში ხდებოდეს ასეთი რამ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები არჩევანს აკეთებდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობდნენ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელიც მათი ნათესავია. ასევე, წარმოუდგენელია საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის ქცევა მთელი ამ ხნის განმავლობაში. იგი არ ჩამოშორებულა საბჭოს საქმიანობას, ის არის ხელმძღვანელი იმ აპარატის, რომელიც აგროვებს მასზე ინფორმაციას და რომელმაც უარი თქვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე“, – ამბობს ჯანეზაშვილი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის 144 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები