აშშ-ის ელჩი: 20 ივნისს პარლამენტის შენობაში არ ვყოფილვარ

პირველი არხი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტის შენობაში არ ყოფილა.

საქმე ეხება შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს".

"ის მოვლენები, რაც 20 ივნისს განვითარდა, დეტალურ გამოძიებას მოითხოვს - ძალის გამოყენება, ძალადობა. კარგია, რომ გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება პარლამენტში ყოფნას, მე იქ არ ვყოფილვარ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი, ჩემი ქალიშვილი ქორწილში", - თქვა ელიზაბეთ რუდმა.

​20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში ყოფნას ასევე არ ადასტურებენ: დიდი ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, საფრანგეთის ელჩი, უკრაინის ელჩი.

გახარიას განცხადებას დღეს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც უწყების წარმომადგენელი მედიასთან ამბობს, პირველად ესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.

მოგვიანებით, სამინისტრომ ახალი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ელჩების ფიზიკური მობილიზება არ ყოფილა, თუმცა მათთან ინტენსიური კომუნიკაცია იყო.

კომენტარები