"მნიშვნელოვანი კითხვები არ დაუსვამთ" - სასამართლოში დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა

რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა. 

ენმ-ის წევრი, ისევე როგორც გუბაზ სანიკიძე, ბაჩუკი ქარდავა და ირაკლი ღლონტი გამოკითხვაზე პროკურატურამ დაიბარა, 20-21 ივნისის ღამის შესახებ, სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა)

გამოკითხვის დასრულების შემდეგ დეკანოიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ გამოძიებას მისთვის მნიშვნელოვანი კითხვები არ დაუსვამს. 

„კითხვები შეეხებოდა 20-21 ივნისის ღამეს. მოვუყევი ყველაფერი დილიდან გვიან ღამემდე, ვიდრე დავტოვე რუსთაველის ტერიტორია. რა ხდებოდა, სად იყავით, რა მოწოდებები გაიგეთო- ეს მოვუყევი თავიდან ბოლომდე. ჩემი პროტესტი ისევე, როგორც ძალიან ბევრი ადამიანის, რომელიც რუსთაველზე იდგა, გავრილოვის, ოკუპანტის პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით და პარლამენტის სპიკერის სავარძელში აღმოჩენასთან დაკავშირებით იყო. ჩემი შინაგანი პროტესტი გავუზიარე მოსამართლეს, თუ რატომ აღმოვჩნდი ისევე, როგორც ბევრი ადამიანი, პარლამენტის ტერიტორიაზე, რას ვაპროტესტებდი, როგორი იყო თანმიმდევრობა.

ეს იყო რეალურად მშვიდობიანი პროცესი, რომელსაც შემდეგ მოჰყვა ამ ადამიანების დარბევა და დასახიჩრება. აღვნიშნე ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან იყო ძალადობა და ახლო კონტაქტი ადამიანებთან. ერთი დეტალი მოვყევი, როგორ იყვნენ პარლამენტის აივანზე პოლიციელები, ასევე ანზორ ჩუბინიძე. ჩემი მონათხრობი ემყარებოდა მხოლოდ სიმართლეს და იმ სიმართლეს, რაც მე და ძალიან ბევრმა ადამიანმა პარლამენტის წინ იხილა. ეს აღშფოთება და ეს პროტესტი გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამით - ოკუპანტის საქართველოში შემოსვლით. ასევე კითხვები ეხებოდა ჩემს ადგილმდებარეობას, სად ვიყავი, მივმართე თუ არა სიტყვით აქციას და ა.შ. დიახ, მე მივმართე სიტყვით აქციას, გამოვხატე პროტესტი, როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა. ჩემი მდებარეობა იყო იქ, სადაც იდგნენ საქართველოს მოქალაქეები

როცა სახელმწიფო გადატრიალებაზე და ამბოხზე გაქვს საქმე აღძრული, მნიშვნელოვანი კითხვები ხომ უნდა მოისმინო? არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა არ მომისმენია. ძალიან მეცინება ბერიძის, როგორც მოწმის ჩვენებაზე, როცა ის ამბობს, რომ ადამიანები რაღაც ამბავს აწყობდნენ და თათბირობდნენო. ეს იყო ადამიანების შეკრება, იქ არამხოლოდ პოლიტიკოსები, უცნობი ადამიანებიც იყვნენ და ადამიანები გამოთქვამდნენ თავის აზრს. საბოლოო მოთხოვნა, კობახიძის გადადგომა იყო. კობახიძე მხოლოდ მაშინ გადადგა, როცა აქცია დაარბიეს. ასევე განვუმარტე ჩემი უნდობლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ვინაიდან მისი მინისტრი გიორგი გახარია არის, რომელიც თავად არის გავრილოვის ღამეს ადამიანების დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი", - თქვა დეკანოიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ. 

225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ამ და 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) მუხლებით მიმდინარეობს 20-21 ივნისის ღამეზე გამოძიება. 

კომენტარები