მეზვრიშვილი: შეცდომა დავუშვით, რომ აქციის შეწყვეტა უფრო ადრე არ დავიწყეთ

იმედი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, უწყებამ შეცდომა დაუშვა, რომ 20 ივნისის ღამეს გაცილებით ადრე არ დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება. 

მისივე თქმით, წარმოუდგენელია კითხვის ნიშნები არსებობა პოლიციის მიერ სპეც. საშუალებების გამოყენებაზე. 

მეზვრიშვილმა ამაზე ტვ იმედის ეთერში ისაუბრა. 

"ამ საკითხზე მინისტრმაც ისაუბრა და სრულად ვიზიარებ ამ მოსაზრებას - ერთადერთი თუკი რამე, ასე ვთქვათ შეცდომა დავუშვით ჩვენ იმ ღამეს - იყო ის, რომ 2 საათის განმავლობაში პოლიცია რისკის ქვეშ დავაყენეთ და გაცილებით ადრე არ დავიწყეთ სპეციალური საშუალებების გამოყენება, იმიტომ რომ თავდაცვის ერთადერთი საშუალება - ფარები  წაართვეს 300-მდე პოლიციელს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიციელი, რომელსაც პასიური თავდაცვის საშუალებები უჭირავს - რეზინის ხელკეტი და ფარი. პოლიტიკოსების მოწოდებებით მასიურ ძალადობას აქვს ადგილი კორდონთან, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტიურდება და აქტიურდება, დაწოლა კიდევ ფრო ძლიერდება პოლიციაზე და პოლიციას უჭირავს  მხოლოდ რეზინის ხელკეტი - ფარები- თავდაცვის ერთადერთი საშუალება აღარ აქვს. ახლა, ამ პირობებში, უბრალოდ წარმოუდგენელია რატომ უნდა არსებობდეს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები და დაიწყო აქციის შეწყვეტა", - თქვა გახარიას მოადგილემ. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. დაშავდა 38 ჟურნალისტი. ზოგიერთ მოქალაქეს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი უკვე 24 დღეა ითხოვს, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

კომენტარები