ეკონომიკა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ბოლო 27 წლის მინიმუმზეა

ჩინეთის დროშის აღმართვა 2008 წლის ოლიმპიადაზე
Reuters

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო 27 წლის მინიმუმი დააფიქსირა. ჩინეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მშპ-ს ზრდამ 6,2 პროცენტი შეადგინა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბოლო პერიოდში ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების ტენდენცია გამოვლინდა. 2018 წლის მეორე ნახევარში ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ 6,4 პროცენტი შეადგინა. ზრდის ტემპების შენელება, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ე.წ. "სავაჭრო ომისგან" გამოწვეული უარყოფითი მოლოდინებით აიხსნება.

"არსებული წნეხი ჩინეთის ეკონომიკაზე, წლის მეორე ნახევარშიც შენარჩუნდება, ქვეყნის ეკონომიკა რთული და კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. გლობალური ეკონომიკის ზრდა შემცირებულია. ამასთანავე, არსებობს ახალი რისკების წარმოშობის საშიშროებაც", — ნათქვამია ჩინეთის სტატისტიკის სამსახურის განცხადებაში.

ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო ტარიფების ირგვლივ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ივლისში უნდა დაიწყოს. დონალდ ტრამპის მრჩეველმა ვაჭრობის საკითხებში, პიტერ ნავარომ, CNBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენელი რობერტ ლაითჰაიზერი აშშ-ს ფინანსთა მინისტრტთან, სტივენ მენუშინთან ერთად უახლოეს მომავალში პეკინში გაემგზავრება.

ჯერჯერობით გლობალური ბიზნესი სკეპტიკურად აფასებს, მომგებიანი შეთანხმების მიღწევის შანსს. ამასვე მოწმობს 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემები. ამ პერიოდში ჩინეთის ექსპორტი ჯამურად 1,3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7,3 პროცენტით შემცირდა. კიდევ უფრო შემცირდა ჩინური ექსპორტი აშშ-ში და კლებამ 8,1 პროცენტი შეადგინა. ამერიკული პროდუქციის იმპორტმა ჩინეთში 30 პროცენტით იკლო.

მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის არსებულმა დაძაბულობამ უკვე იქონია გავლენა მსოფლიოს უდიდეს კომპანიებზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Apple-ის გაყიდვები 21,5 პროცენტით არის შემცირებული. ჯამურად ჩინეთის რეგიონზე, რომელიც ჰონგ-კონგს და ტაივანსაც მოიცავს, კომპანიის შემოსავლის 18 პროცენტი მოდიოდა.

სავაჭრო ომის დაზარებულების გარდა, გამარჯვებულებიც ყავს. მიმდინარე პროცესების ფონზე აშშ-ში გაიზარდა, სამხრეთ კორეის ვიეტნამის და ბანგალადეშის ექსპორტი.

კომენტარები