IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევა: ბაქრაძე 59%-ს მოსწონს, კალაძე 49%-ს, ვაშაძე 48%-ს, ივანიშვილი 35%-ს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბოლო კვლევაში, რომელიც 15 ივნისამდე პერიოდში, ანუ აქციის დარბევამდე არის ჩატარებული, კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ მოსახლეობის განწყობებიც არის გამოკითხული. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე მაღალი მოწონება ევროპული საქართველოს ლიდერს დავით ბაქრაძეს აქვს - 59%, ბაქრაძე არ მოსწონს 34%-ს, შემდეგი არის კახა კალაძე, რომელიც 49%-ს მოსწონს, არ მოსწონს 43%-ს, ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მოსახლეობის 48%-ს მოსწონს და არ მოსწონს 43%-ს. 41%-41% მოწონება აქვთ დავით უსუფაშვილს და შალვა ნათელაშვილს, უსუფაშვილი 45%-ს არ მოსწონს, ხოლო ნათელაშვილი - 50%-ს.

ალეკო ელისაშვილი მოსახლეობის 40%-ის მოწონებას იმსახურებს, ხოლო არ მოსწონს 35%-ს. შემდეგ მოდის გიორგი გახარია, მოწონება - 40%, არ მოწონება - 47%, მამუკა ბახტაძე, მოწონება 38%, არ მოწონება - 50%, სალომე ზურაბიშვილი, მოწონება 36%, არ მოწონება - 57%, მოწონების ერთნაირი 35-35% პროცენტები აქვთ ახალი საქართველოს ლიდერს გიორგი ვაშაძეს და ბიძინა ივანიშვილს, აქვე ივანიშვილი  57%-ს არ მოსწონს, ხოლო ვაშაძე - 49%-ს. მოწონების რეიტინგში ივანიშვილს მოსდევს, ირმა ინაშვილი 29%-ით, ნინო ბურჯანაძე 28%-ით, ირაკლი კობახიძე 26%-ით.

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის (GALLUP) მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში, პირისპირ ინტერვიუების საშუალებით შეგროვდა. წარმომადგენლობითი შერჩევის მეთოდზე დაყრდნობით, გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1500 მოქალაქე. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/-2.5 პროცენტია. დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

კომენტარები