გავრილოვის ღამე

20 ივნისის საქმეზე შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს. მას აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

ამის შესახებ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის დროს გახდა ცნობილი.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე", - ამბობენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დააკავეს.

ბრიფინგზე ცნობილი გახდა ისიც, რომ ბრალდების მხარე სასამართლოზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს.

"ამ ეტაპისათვის გამოკითხულია ასეულობით პირი, მიმდინაროებს საქმეზე მოპოვებული ვიდეო-აუდიო მტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი, ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები", - ამბობენ პროკურატურაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საქართველოს გენერალური პროკურატურა მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმის ფარგლებში მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები