უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

ჯანეზაშვილი და დოლიძე: ილონა თოდუას უზენაესის მოსამართლეობის უფლება არ აქვს

0 კომენტარი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. მიზეზი, სავარაუდოდ, მოსამართლე ილონა თოდუას საკითხია, რომელიც საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა წამოჭრა. 

ჯანეზაშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მოსამართლე ილონა თოდუას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბინის ქირა გადაუხადა მაშინ, როცა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძე იყო. უფრო კონკრეტულად, ჯანეზაშვილის თქმით, თოდუამ თავისი სახლი დედის სახელზე გადააფორმა, შემდეგ კი საბჭომ კი სწორედ აღნიშნული ბინა უქირავა.

ილონა თოდუა ახლა უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატია. 

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ამის გამო თოდუას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლება არ აქვს. 

მისივე თქმით, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა იმისთვის დაინიშნა, რომ თოდუას თავის მართლების საშუალება მიეცეს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამ და სხვა დარღვევების გამო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის გაუქმებასაც ითხოვს. 

„როგორც ჩანს, არის რაღაცა ფსონი დადებული ადამიანზე, მაგრამ საერთოდ, ჩინჩალაძეს და მის ხალხს აწყობთ სწორედ ილონა თოდუასნაირი ადამიანები. ის ოთხი წელი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მას ფაქტობრივად ხმა არ ამოუღია, მე ვესწრებოდი მაშინ სხდომებს და ვაკვირდებოდი, როგორ მიდიოდა პროცესი, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი, რომელიც სიჩუმით, როგორც ახლა დღეს ხარებავა გვყავს, სარგებლობდა, თუ ცდილობდა, რომ აი, ამ ფორმატით ემუშავა და ასე მიეღო გადაწყვეტილებები.

საინტერესო დეტალი, მე როგორც უკვე გითხარით, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას გადასცემოდა ბინის ქირა, იმ დროს ილონა თოდუა იყო უმაღლესი საბჭოს წევრი და იმ დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო ლევან მურუსიძე.

ჩემი მოთხოვნა არის, რომ შეწყდეს კონკურსი, ვინაიდან ის მიმდინარეობს დარღვევებით, მიკერძოებულ გადაწყვეტილებების მიღებას აქვს ადგილი  და თქვენ დღესაც ხედავთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოიწვია სხდომა სწორედ ილონა თოდუას გამო. იგი ამ სხდომას არ მოიწვევდა, რომ არა ჩემი ეს განცხადება. მოიწვია იმისთვის, რომ გამოვიდნენ აქ და გააკეთონ მყვირალა განცხადებები, როგორც აქამდე აკეთებდნენ და ზოგადად, მათ სჩვევიათ და დაანახონ ძალა საზოგადოებას, რომ ისინი ერთიანები არიან და ეს კლანი იბრძოლებს ბოლომდე იმისათვის, რომ ილონა თოდუა და სხვა მოსამართლეები, რომლებიც აი, ასე ჰყავთ გამოჭერილი გაიყვანონ საბოლოო ჯამში იმ სიაში და წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს,“- თქვა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე კი, რომელიც ჯანეზაშვილთან ერთად ასევე ითხოვს კონკურსის გაუქმებას, თოდუას წარსულ საქმიანობაზე საუბრობს. კერძოდ, დოლიძე ამბობს, რომ მას მოსამართლეობის პერიოდში არაერთი მიკერძოებული გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი. ასევე, ყურადღებას ამახვილებს ნეპოტიზმსა და კორუფციაზე. 

„ის არის ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლე, ე.წ. ადეიშვილის ნარჩენი. მას დაჯარიმებული ჰყავს ქართული ოცნება 2012 წელს, მას დაჯარიმებული ჰყავს პოლიტიკურად მგრძნობიარე პერიოდში ტელეკომპანია იმედი და გამოტანილი აქვს არაერთი პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილება. დღეს ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ დაკვეთებს ადრე, კომფორტულად არიან ჩაბმული საქმიანობაში, რომელიც სვამს კორუფციის კითხვის ნიშნებს. შემთხვევითი ჩუქებები, უცებ გახსნილი ხელგაშლილობა საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ არის ტენდენცია ფართო ჩვენს საჯარო სივრცეში. ჩვენ ვიცით არაერთი წევრი საქართველოს პარლამენტის: დავით მათიკაშვილი, ზაზა გაბუნია, ნინო წილოსანი, რომლის ოჯახის წევრებს უცებ უჩნდებათ ჩუქების სურვილი მათ მიმართ და აქაც, სასამართლოშიც, რა თქმა უნდა, უცებ გახსნილი სიყვარული და ხელგაშლილობა ოჯახის წევრების მიუთითებს შესაძლო კითხვის ნიშნებზე", - თქვა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის 144 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები