Bloomberg: ბერნარ არნომ ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ბილ გეიტსს გადაუსწრო

Yahoo

ბილ გეიტსს მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი აღარ აქვს, მისი ადგილი ფრანგმა ბიზნესმენმა ბერნარ არნომ დაიკავა.

ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარ არნო პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Bloomberg ავრცელებს. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში არნომ, მეორე ადგილზე მყოფ ბილ გეიტსს გადაუსწრო. გამოცემა არნოს ქონებას 108 მილიარდი დოლარით აფასებს.

რეიტინიგის წარმოების შვიდწლიან ისტორიაში, ბილ გეიტსი პირველად ჩამოცდა მეორე ადგილს. გეიტსი ამჟამად 107 მილიარდი დოლარით იმავე რეიტინგის მესამე ადგილს იკავებს.

ბერნარ არნოს მთავარი აქტივი ჰოლდინგი LVMH-ია, რომელიც მოდის წამყვან სახლებს და სხვადასხვა პრემიუმ კლასის ბრენდებს აერთიანებს. მიმდინარე წელს არნოს ქონება 39 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც გამოცემის რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელია.

არნო, ყველაზე მდიდარი ადამიანების სამეულში პირველად ივნისში აღმოჩნდა, როდესაც მისმა ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ყველაზე მდიდარი სამი ადამიანის ქონება ჯამურად ისეთი კომპანიების საბაზრო ღირებულებას აღემატება როგორიცაა: Walmart, Exxon, Walt Disney. 

2019 წელი ჯერჯერობით წარმატებული აღმოჩნდა ყველაზე მსხვილი ფრანგი ბიზნესმენებისთვის. პირველ ექვს თვეში ბერნარ არნოს, ფრანსუა პინოს და Bettencourt Meyers-ის მფლობელების ქონება ჯამურად 57 მილიარდი დოლარით გაიზარდა. არნოს ოჯახი იმ მეცენატთა სიაში შედის, რომლებმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის ჯამურად 650 მილიონი დოლარი გადარიცხეს. 

ბერნარ არნო LVMH-ის საკონტროლო პაკეტთან ერთად, christian dior-ის 97 პროცენტიან წილს ფლობს. არნო პრემიუმ პროდუქციის ბიზნესში 1984 წელს შევიდა, ამ პერიოდში არნომ LVMH-ის საკონტროლო პაკეტის შესაძენად მის ხელთ არსებული ყველა აქტივი გაყიდა. იგი, ასევე, ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნახატების კოლექციას. მის მფლობელობაშია დემიენ ჰირსტის, პაბლო პიკასოს, ჟან-მიშელ ბასკიას, მაურიციო კატელანისა და ენდი ვორჰოლის ნამუშევრები.

ბილ გეიტსის პოზიციების გაუარესება ნაწილობრივ მისი ფილანტროპული მისწრაფებებით არის განპირობებული. რომ არა ქველმოქმდებისთვის გაღებული თანხები, გეიტსი კვლავაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანი იქნებოდა. ბიზნეს საქმიანობის განმავლობაში გეიტსმა ქველმოქმედებაზე  35 მილიარდი დოლარი გაიღო. 

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსს კვლავაც ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს. დაშორების მიუხედავად ბეზოსის აქტივები 2019 წელს დინამიურად იზრდება და ამ დროისთვის 125 მილიარდ დოლარს შეადგენს. განქორწინებისა და ქონების გაყოფის შემდეგ ბეზოსის ყოფილი ცოლი, მაკენზი ბეზოსი პლანეტის მეოთხე უმდიდრესი ქალი გახდა.

 

კომენტარები