ლომჯარია: შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება

ტაბულა

"სამწუხაროდ, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება," - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მშენებლობაზე არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალებას ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ სამუშაო ადგილებზე შრომის ინსპექტორის დაშვებაზე არსებული შეზღუდვები, შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას აფერხებს. ასევე პრობლემაა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელთ არსებული არასაკმარისი ადამიანური თუ მატერიალური რესურსები.

"აღნიშნული ფაქტორების გამო, დასაქმების ადგილებზე ინსპექტირება ვერ ხორციელდება იმდენად ხშირად და სრულყოფილად, რამდენადაც ეს აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად. შედეგად, უკანასკნელი შემთხვევის მსგავსად, მონიტორინგის გარეშე რჩება არაერთი დასაქმების ადგილი, სადაც სამუშაო პროცესი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ობიექტზე არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობა, არამედ - დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული აკრძალვაც, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს არასრულწლოვანთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად. სამწუხაროდ, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმებისა და საშიშპირობებიან გარემოში მუშაობის შემთხვევათა დროული გამოვლენა, ეფექტური რეაგირების განხორციელება და პრევენცია," - წერია განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არ ასებობს ბავშვთა შრომითი უფლებების მონიტორინგი ეფექტური მექანიზმი, რის გამოც ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების და საშიშ პირობებში მუშაობის შემთხვევების გამოვლენა სახელმწიფოს ეფექტურ კონტროლს მიღმა რჩება.

"მიუხედავად იმისა, რომ „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მიხედვით, არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად, ეროვნულ დონეზე უნდა შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი, აღნიშნული საქართველოში ამ დრომდე არ სრულდება. სისტემური ხასიათის პრობლემად რჩება, შემთხვევები, როდესაც ბავშვებს უკიდურესი სიღარიბის, ოჯახში უგულებელყოფისა და არასათანადო სოციალური პირობების გამო თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება უხდებათ. აღნიშნული ტენდენცია არის ყოვლად შემაშფოთებელი და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებასა და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას საჭიროებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს დროულად და ეფექტურად შეისწავლონ დოლბაურის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა და მოახდინონ საზოგადოების სრული ინფორმირება გამოძიებისა და მოკვლევის შედეგების თაობაზე. ამასთან, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად და მათ მიერ მავნეპირობებიანი სამუშაოს შესრულების პრევენციისთვის,"  -წერია განცხადებაში. 

2019 წლის 16 ივლისს, თბილისში, დოლბაურის ქუჩაზე მშენებლობაზე დასაქმებული 16 წლის ბიჭი მშენებარე ობიექტზე ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები