რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: რატომ განმარტავს წულუკიანი მერაბიშვილის და რ2-ის საქმეებს სხვადასხვანაირად?

ტაბულა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ ვინაიდან სტრასბურგმა დროებითი ღონისძიება გააუქმა, გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შესაძლებელია და რ2 უკვე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, სამართლებრივად არასწორი ინტერპრეტაციაა.​

გვარამია ამბობს, რომ მათ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ერთი მუხლის დიდ პალატაში გასაჩივრების უფლება აქვთ, იმ შემთხვევაში კი, თუ ამ მუხლის განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ს გადაიფორმებს, კანონი დაირღვევა, ასევე, "საქმე სრულად დაიშლება". 

რ2-ის გენერალურმა დირექტორმა ამ კონტექსტში ვანო მერაბიშვილის საქმე და ამაზე თეა წულუკიანის კომენტარებიც გაიხსენა. 

მან თქვა: 

"ჩვენ მოვითხოვთ, არ იქნეს ჩადენილი დანაშაული, არ იქნეს გადაფორმებული რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშზე კანონის დარღვევით და მხოლოდ ერთი ადამიანის არასწორი ინტერპრეტაციით. ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და რუსთავი 2-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს გასაჩივრების უფლება. გასაჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დაშლას და ამ უფლების რეალურად გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ არის კანონდარღვევა და შეიცავს თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნებს. 

ვანო მერაბიშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ის ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად, ჩვენ გვაქვს 3 თვე გასასაჩივრებლად და შემდეგ დიდი პალატის განხილვის დასრულებამდე ვანო მერაბიშვილი მე-18 მუხლის დარღვევას, ანუ პოლიტიკურ პატიმრობას ვერ გამოიყენებს თავის სასარგებლოდო. ეს არის იუსტიციის მინისტრის სიტყვები. იქ არაფერი ეწერა დროებით ღონისძიებაზე, იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მან ასე განმარტა. მე ვსვამ კითხვას, რა განსხვავებაა ამ ორ საქმეს შორის და რატომ არის ახლა განსხვავებული განმარტება. 

ეს კითხვა რიტორიკულია იმიტომ, რომ რ2-ის მითვისება მოხდეს.", - თქვა მან. 

2017 წლის 28 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. ამ მუხლის დარღვევა სტრასბურგის ისტორიაში მეშვიდედ, ხოლო ევროსასამართლოს დიდი პალატის ისტორიაში პირველად მოხდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არალეგიტიმური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მის საქმესთან დაკვშირებული არ იყო, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან

სტრასბურგი მიუთითებს, რომ გასული წლის გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები) დარღვევა დაადგინა მე–5 მუხლის 1–ლ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

რამდენიმე თვეში, 17 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ აპელაციისთვის სასამართლოს დიდ პალატას მიმართა. 28 ნოემბერს სწორედ აპელაციის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდა.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი 2016 წლის 17 ოქტომბერს ამბობდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში არ შევა, არამედ ამ საქმის განხილვა დიდ პალატაში თავიდან დაიწყება:

“ჩვენ დღეს სტრასბურგის სასამართლოდან მივიღეთ წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში, ის მიექცევა აღსასრულებლად და სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატში ამ საქმის განხილვა დაიწყება თავიდან”,- განაცხადა წულუკიანმა 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

კომენტარები