რუსთავი 2-ის საქმე

სალია: არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს, საინფორმაციოს უფროსი არ შეიცვლება

რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, რომელიც საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის გენერალურ დირექტორად დანიშნა, ტელეკომპანიაში მივიდა. ის ამ წუთებში რუსთავი 2-ის ეზოში ჟურნალისტებს ესაუბრება. სალიას თქმით, ქიბარ ხალვაშმა მას განუსაზღვრა, არ ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში.

"სრული თავისუფლება, დამოუკიდებლობა გექნებათ, არ უნდა შევეხო ამ სფეროს. ჩემი სფეროა, შევისწავლო სამართლებრივი და ფინანსური მდგომარეობა" - ამბობს პაატა სალია.

კითხვაზე, აპირებს თუ არა საკადრო ცვლილებებს, რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ "არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს". კითხვაზე, შეიცვლება თუ არა საინფორმაციოს უფროსი, პაატა სალია პასუხობს, რომ "არა".

"ვიცი, რომ ნდობის მოპოვება ერთი შეხვედრით და ერთი ჩემი საუბრით არ მოხდება, მალე დარწმუნდებიან ჟურნალისტები, რომ არავინ მათ არ ეხება" - თქვა სალიამ.

დღეს, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და დანიშნა პაატა სალია.

კომენტარები