რუსთავი 2-ის საქმე

ოქრუაშვილმა რ2-ის ხალვაშზე გადაფორმებული წილების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

0 კომენტარი

ირაკლი ოქრუაშვილი ითხოვს, დაყადაღდეს წილები, რომლებიც გუშინ, 18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. 

ოქრუაშვილის ადვოკატმა, გია ზედელაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, ანა რეხვიაშვილმა მოთხოვნა ყადაღის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანეს. 

რეხვიაშვილის თქმით, სარჩელს, რომლითაც რუსთავი 2-ის ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაცემას მოითხოვენ, მომდევნო კვირას შეიტანენ. 

"შეგვაქვს სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა ყადაღის დადებაზე, გუშინ ქიბარ ხალვაში მიერ რეესტრში დარეგისტრირებული რუსთავი 2-ის წილებზე. ეს არის მოთხოვნა ყადაღის თაობაზე, სარჩელს შევიტანთ მომდევნო კვირაში და ეს უკვე იქნება ირაკლი ოქრუაშვილისთვის „რუსთავი2“-ისთვის გადაცემის მოთხოვნა. ამის საფუძველი არის შეთანხმება ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაიდო, 2010 წელს ქალაქ ბერლინში, ეს არის ყველაფრის საფუძველი რომ ჩვენ არამარტო ყადაღა დავადოთ წილებს, დავიბრუნოთ ეს ქონება". 

ანა რეხვიაშვილის თქმით, მოთხოვნის და სარჩელის სასამართლოში შეტანის საფუძველს ირაკლი ოქრუაშვილს 2010 წელს ბერლინში ქიბარ ხალვაშთან დადებული შეთანხმება აძლევს, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის მფლობელთან აფილირებული პირი გახდა. 

"2004 წელს გვახსოვს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა რუსთავი2-ის 100%-იანი წილი. მაშინ ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ირაკლი ოქრუაშვილმა წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.

არავისთვის უცხო არ არის,რომ ქიბარ ხალვაში არამხოლოდ რუსთავი 2-ის, არამედ სხვა ბიზნესშიც წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს.

დღეს ბევრია საუბარი იმაზე, რომ ეს დოკუმენტები ყალბია, ამას ამბობს პაატა სალიაც,რომელიც რა თქმა უნდა ტყუის, არსებობს დადასტურებული მტკიცებულება სამი ექსპერტისა, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტისა, რომ ეს არის ნამდვილი, ასევე ჩანიშნულია ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც არ ცხადდება ბატონი ხალვაში", - თქვა ანა რეხვიაშვილმა. 

ოქრუაშვილის ადვოკატი, გია ზედელაშვილი ამბობს: 

ამ შეთანხმების მიხედვით დასტურდება, რომ რუსთავი 2-ის წილი შეძენილი იქნა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელით. ქიბარ ხალვაში ასევე ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს და არა მას. ამასთან, ადასტურებს იმას, რომ არ ჰქონდა უფლებამოსილება, ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე განეხორციელებინა რამე მოქმედება რუსთავი 2-ის სახელით და თუ ასე მოხდებოდა, ის ვალდებული იყო, ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაეხადა 7 მილიონი აშშ დოლარი ჯარიმის სახით. 

ეს პირობა დარღვეულად ითვლება, იმიტომ რომ ქიბარ ხალვაშის მოქმედებები წილის საკუთრებასთან დაკავშირებით სასამართლო დავებზე ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

ასევე საუბარია სასესხო ურთიერთობებზე, რომელიც არსებობდა ირაკლი ოქრუაშვილს და ქიბარ ხალვაშს შორის, ასევე, საუბარი იყო, რომ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილისთვის უნდა გადაეხადა დავალიანება 2015 წლამდე, რაც არ გააკეთა. შესაბამისად, მივმართავთ სასამართლოს სარჩელით ამ თანხის დაკისრების მოთხოვნით". 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები