რუსთავი 2-ის საქმე

სალია: როცა ოქრუაშვილი ახსნის, 2004-ში საიდან ჰქონდა 7 მლნ, მერე ალბათ ქიბარსაც ექნება პასუხი

რუსთავი 2

ადვოკატის და რუსთავი ორის ახალი გენერალური დირექტორის პაატა სალიას მტკიცებით, ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმება არ ჰქონია და მსგავს დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი იმ წილების დაყადაღებას ითხოვს, რომლებიც ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია.

"მათ აქვთ ერთი დოკუმენტის ორი ასლი, სადაც რეალურად ქიბარ ხალვაშის ორი ხელმოწერაა ნოტარიულად დამოწმებული, თუმცა ამ ხელშეკრულებებზე საიდანღაც გაჩნდა ვიღაც სხვა პირის ხელმოწერები, ვითომ ქიბარ ხალვაშის. ერთი საინტერესო დეტალია, იმ დოკუმენტს, რომელსაც იყენებენ შესადარებლად ამ გაყალბებულ დოკუმენტთან და რომლის წინა გვერდებზეც დასმულია გაყალბებული ხელშეკრულებები, ბოლო გვერდზე ხელმოწერა არის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. თარიღი ამ ორ ხელშეკრულებას - გაყალბებულს და მეორეს, ნოტარიულად დამოწმებულს, აქვს ერთი და იგივე.

ქიბარ ხალვაშის თქმით, ასეთი შეთანხმება არ ყოფილა და ასეთი დოკუმენტისთვის ხელი არასოდეს მოუწერია.

"ოქრუაშვილის ფული იქა გნადახდილი კომპანიაში, ოქრუაშვილმა ასესხა 7 მლნ" - რომელ წელს იყო ეს? 2004 წელს? სად იყო ოქრუაშვილი 2004 წელს, საიდან ჰქონდა ეს თანხა, საჯარო მოხელე იყო იმ პერიოდში, მისი დეკლარაციები არსებობს, საიდან მისცა ქიბარს შვიდი მილიონი და ტელევიზიის საყიდელი ფული, ეს ყველაფერი უნდა ახსნას. რომ ახსნის, კი ბატონო, ალბათ ქიბარსაც ექნება პასუხი, მე ვიცი ქიბარ ხალვაშისგან, რომ მას არ ჰქონია რაიმე შეთანხმება ოქრუაშვილთან და ხელი მსგავს დოკუმენტზე არ მოუწერია" - ამბობს პაატა სალია.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გია ზედელაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, ანა რეხვიაშვილმა მოთხოვნა რუსთავი 2-ის წილებისთვის ყადაღის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანეს.  რეხვიაშვილის თქმით, სარჩელს, რომლითაც რუსთავი 2-ის ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაცემას მოითხოვენ, მომდევნო კვირას შეიტანენ. 

"შეგვაქვს სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა ყადაღის დადებაზე, გუშინ ქიბარ ხალვაში მიერ რეესტრში დარეგისტრირებული რუსთავი 2-ის წილებზე. ეს არის მოთხოვნა ყადაღის თაობაზე, სარჩელს შევიტანთ მომდევნო კვირაში და ეს უკვე იქნება ირაკლი ოქრუაშვილისთვის „რუსთავი2“-ისთვის გადაცემის მოთხოვნა. ამის საფუძველი არის შეთანხმება ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაიდო, 2010 წელს ქალაქ ბერლინში, ეს არის ყველაფრის საფუძველი რომ ჩვენ არამარტო ყადაღა დავადოთ წილებს, დავიბრუნოთ ეს ქონება". 

ანა რეხვიაშვილის თქმით, მოთხოვნის და სარჩელის სასამართლოში შეტანის საფუძველს ირაკლი ოქრუაშვილს 2010 წელს ბერლინში ქიბარ ხალვაშთან დადებული შეთანხმება აძლევს, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის მფლობელთან აფილირებული პირი გახდა. 

"2004 წელს გვახსოვს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა რუსთავი2-ის 100%-იანი წილი. მაშინ ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ირაკლი ოქრუაშვილმა წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.

არავისთვის უცხო არ არის,რომ ქიბარ ხალვაში არამხოლოდ რუსთავი 2-ის, არამედ სხვა ბიზნესშიც წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს.

დღეს ბევრია საუბარი იმაზე, რომ ეს დოკუმენტები ყალბია, ამას ამბობს პაატა სალიაც,რომელიც რა თქმა უნდა ტყუის, არსებობს დადასტურებული მტკიცებულება სამი ექსპერტისა, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტისა, რომ ეს არის ნამდვილი, ასევე ჩანიშნულია ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც არ ცხადდება ბატონი ხალვაში", - თქვა ანა რეხვიაშვილმა. 

ოქრუაშვილის ადვოკატის, გია ზედელაშვილის თქმით, შეთანხმების მიხედვით დასტურდება, რომ რუსთავი 2-ის წილი შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით.

"ქიბარ ხალვაში ასევე ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს და არა - მას. ამასთან, ადასტურებს იმას, რომ არ ჰქონდა უფლებამოსილება, ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე განეხორციელებინა რამე მოქმედება რუსთავი 2-ის სახელით და თუ ასე მოხდებოდა, ის ვალდებული იყო, ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაეხადა 7 მილიონი აშშ დოლარი ჯარიმის სახით. 

ეს პირობა დარღვეულად ითვლება, იმიტომ რომ ქიბარ ხალვაშის მოქმედებები წილის საკუთრებასთან დაკავშირებით სასამართლო დავებზე ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

ასევე საუბარია სასესხო ურთიერთობებზე, რომელიც არსებობდა ირაკლი ოქრუაშვილს და ქიბარ ხალვაშს შორის, ასევე, საუბარი იყო, რომ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილისთვის უნდა გადაეხადა დავალიანება 2015 წლამდე, რაც არ გააკეთა. შესაბამისად, მივმართავთ სასამართლოს სარჩელით ამ თანხის დაკისრების მოთხოვნით". 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები