უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

"ასეთი მოსამართლე უნდა მოკვდეს" - თადუმაძის პასუხი საბჭოს წევრის დასმულ კითხვა-კაზუსზე

​იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირმა გელაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელსაც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობა სურს, გასაუბრებაზე ასეთი შინაარსის კითხვა დაუსვა: 

"კანონმდებლობით მოსამართლის საქმიანობა შეუთავსებელია სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან. ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულია მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები. მაგალითად, მოსამართლეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ყოველ თვე ესაჭიროება მკურნალობა, მაგალითად იმუნოგლობულინის გადასხმა (პირობითად), რომლის ღირებულებაც არის მოსამართლის 1 თვის ხელფასი. მოსამართლე იმისათვის, რომ გადარჩეს (ფიზიკურ გადარჩენაზეა საუბარი და არა სამსახურის შენარჩუნებაზე), იძულებულია საღამოს, არასამუშაო საათებში დამატებით იმუშაოს. მაგალითად, მიიღოს სტუდენტები სახლში და ამეცადინოს, ან დაწერილი აქვს თავისთვის დისერტაცია და ყიდის ამ დისერტაციას მაღალი თანამდებობის პირზე იმიტომ, რომ გადარჩეს. შეაფასეთ მოსამართლის ქმედება, ოღონდ მითხარით არგუმენტი, კონტრარგუმენტი რა შეიძლება იყოს და თქვენი შეფასება ბოლოს". 

პასუხად მოსამართლეობის კანდიდატმა, მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ თქვა: 

"მე რომ ის ტვირთი არ მქონდეს, რაც თანამდებობრივი ტვირთი მაქვს, უფრო რადიკალურად ვუპასუხებდი. მე მგონია, რომ ესეთი მოსამართლე უნდა მოკვდეს, რადგან თუ ეს თვითგადარჩენისთვის არის, მე ამას ვსაუბრობ ადამიანური და არა პროფესიული ნაწილით, ეს არ შეესაბამება მოსამართლის ეთიკის წესებს. მე მგონია, რომ კაზუსი არასწორია საერთოდ, იმიტომ, რომ რაც შეეხება მოსამართლე დისერტაციას წერს და ყიდის ეს დანაშაულია. დისერტაცია ეს არის უფლების მოპოვების საშუალება და თუ მას ამის შესაძლებლობა აქვს რომ დისერტაცია დაწეროს და გაყიდოს, მე რამდენადაც მახსოვს საერთაშორისო გამოცდილება არსებობს, რომ დისერტაციის დამწერები და შემდეგ ამის გამყიდველები პასუხისგებაში მიეცნენ, რადგან ამ დისერტაციით პირს ეძლევა შესაძლებლობა, რომ რაღაც უფლება მოიპოვოს, იგივე სამეცნიერო ხარისხი. მოსამართლის ქცევა არაეთიკურია, რადგან იმისათვის რომ თავი გადაირჩინოს, ჩადის ისეთ საქციელს რომლითაც არღვევს ეთიკის წესებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ გადის დანაშაულის ზღვარზე". 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

22 ივლისს საბჭომ გამოკითხა თადუმაძის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, რომელსაც ასევე სურს უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეობა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

კომენტარები