ბესელია-ზარდიაშვილი

ზარდიაშვილი: ბესელია იყო ე.წ ვირთხა, რომელსაც უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა

უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, ეკა ბესელიას ქართული ოცნების სხდომებიდან ინფორმაცია გაჰქონდა და მას რუსთავი 2-ს, კერძოდ კი, ნოდარ მელაძეს აწვდიდა. ზარდიაშვილმა ბესელიას ე.წ ვირთხა უწოდა და აღნიშნა, რომ მას ნიღაბი ჩამოეხსნა. 

"რუსთავი 2-მა იცოდა შიდა მიმდინარე პროცესები და ყველაფერი ჟონავდა. დასტურდება, რომ ეკა ბესელია იყო ნოდარ მელაძესთან მიბმული ე.წ. ვირთხა, რომელსაც გააქვს ხოლმე შიგნიდან ინფორმაციები. საბოლოო ჯამში ნიღაბი ჩამოეხსნა ამ ქალბატონს, რომელიც როგორც გუნდის შიგნით, ასევე გუნდის გარეთ მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან მოქმედებს და მას სხვა ინტერესი არ გააჩნია",- ამბობს ზარდიაშვილი. 

დეპუტატის თქმით, ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ერთ-ერთი სხდომიდან ის ინფორმაცია არ გავიდა, რომელიც ბესელიას კორუფციულ კავშირებს ეხებოდა. 

"მხოლოდ და მხოლოდ გამოვიდა ის ინფორმაცია, რომ ვითომ ირაკლი კობახიძემ მოუხადა ეკა ბესელიას ბოდიში. არადა იმ შეხვედრაზე ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ბესელიას, კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. რატომღაც ამ ინფორმაციამ არ გაჟონა. შესაბამისად, არ აწყობდა ეკა ბესელიას ამ ინფორმაციის გაჟონვა და უკვე ნათელია, რომ აქამდეც ყველა ინფორმაცია უმრავლესობის სხდომიდან და მიმდინარე პროცესებიდან გაჰქონდა ეკა ბესელიას, ნოდარ მელაძის საშუალებით",- აღნიშნავს ზარდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მიზეზად უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია დასახელდა - სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. წინა დღით გადადგა მისი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი. ბესელიამ მაშინ თქვა, რომ ზარდიაშვილის გადადგომას ელოდებოდა, რადგან "კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვერ დაუტოვებდა".

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

ეკა ბესელიამ ქართული ოცნება 22 თებერვალს დატოვა. 

კომენტარები