უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელაის ცოლის ძმაა, აცილება არ მომხდარა

ნაზი ჯანეზაშვილი

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ განმწესება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ლევან თევზაძეს სურს. თევზაძე ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეა. ის ამ თანამდებობაზე 2018 წელს უვადოდ დაინიშნა. 

ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. მიუხედავად ნათესაური კავშირისა, ირაკლი შენგელიას აცილება არ გაუკეთებია და თევზაძის გასაუბრებას ესწრება. 

"გავიგეთ, რომ ჩემი ცოლის ძმა არის. არანაირად კანონის დარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ აქვს. მე ვიქნები აქ და დავესწრები ამ პროცესს", - თქვა ირაკლი შენგელიამ. 

ნაზი ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ საუბრობს. 

ირაკლი შენგელიამ კი თქვა: 

"გავიგეთ, რომ ჩემი ცოლის ძმა არის. არანაირად კანონის დარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ აქვს. მე ვიქნები აქ და დავესწრები ამ პროცესს". 

ირაკლი შენგელია: მუხლი მითხარით, რომელ მუხლს ვარღვევ. მე ვერ ვნახე ნორმა, რომელსაც ვარღვევ და წამიკითხეთ ​ნორმა საჯაროდ. 

ნაზი ჯანეზაშვილი: ორგანულ კანონში არის ორი მუხლი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რის საფუძველზეც აცილების საკითხი დგება ხოლმე. აქიდან გამომდინარე უნდა აიცილოთ თქვენ. ღია მმართველობის ელემენტარული სტანდარტია. 

საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა კი, რომელიც გასაუბრების პროცესის დროს სხდომებს უძღვება, შენგელია-თევზაძის ნათესაურ კავშირსა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ თქვა: 

"თქვენ (ნაზი ჯანეზაშვილს) ან ქალბატონ ანას (ანა დოლიძეს) დავით უსუფაშვილი ნდობას რომ უცხადებდა თინა ხიდაშელს, რამე განაცხადეთ მაშინ? ცოლ-ქმარი არ იყვნენ?". 

თავად ლევან თევზაძის თქმით: 

"ირაკლი შენგელიას ჩემს დანიშვნაში მონაწილეობა არ მიუღია. მე დისკომფორტს აუცილებლად ვიგრძნობდი, რომ ვიყო არაკვალიფიციური ან არაკეთილსინდისიერი და არ მქონდეს საფუძველი იმისა, რომ მე განვაცხადო პრეტენზია ამ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე". 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ. 

კომენტარები