სექსუალური შევიწროება

სექსუალური შევიწროება - ბაღის დირექტორი "ოცნების" დეპუტატის წინააღმდეგ ომბუდსმენს მიმართავს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ნინოწმინდის ბაღ "წიწერნაკის" დირექტორი, ნარინე გინოსიანი ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს, "ქართული ოცნების" წევრ ენზელ მკოიანს შანტაჟსა და სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს.

მის უფლებებს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია, საფარი იცავს. გინოსიანი ამბობს, რომ მკოიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციულ მოპყრობას წლების განმავლობაში განიცდიდა.

ქალი ჰყვება, რომ ქართული ოცნების დეპუტატმა მისი სექსუალური შევიწროება 2014 წელს დაიწყო და ეს 2016 წლამდე გრძელდებოდა.

მისი თქმით, ენზელ მკოიანი თავდაპირველად მეგობრის მეშვეობით ცდილობდა ურთიერთობის დამყარებას, უარის შემდეგ კი პირდაპირ მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა. ქალი ამბობს, რომ დეპუტატი მას მანქანის შეცვლას, ბინის გარემონტებას, საფრანგეთში წასვლას სთავაზობდა, უარის შემდეგ კი “განადგურებით” დაემუქრა.

"საკრებულოში გამართული ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ მან თავის კაბინეტში დამიძახა და მომიახლოვდა. ვუთხარი, რომ კაბინეტიდან გავიქცეოდი და მსგავსი ქმედება აღარ გაემეორებინა. ამის შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. ტრადიციებისა და ოჯახიდან გამომდინარე, გადავწყვიტე არაფერი მეთქვა",- ამბობს ის.

გინოსიანის თქმით, ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა ბიუჯეტის ფლანგვაში საჯაროდ დაადანაშაულა. ამ დროისთვის საბავშვო ბაღ “წიწერნაკს” აუდიტის სამსახური ამოწმებდა, თუმცა მერმა ბაღის დირექტორს თანხების გაფლანგვაში ბრალი დასკვნის გამოქვეყნებამდე დასდო.

ქალი ჰყვება, რომ ამის შემდეგ ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მოსოიანმა დაბაიარა და "მეგობრულად" სთხოვა წასვლა, ასევე გააფრთხილა, რომ თუ არ წავიდოდა-დაიჭერდნენ. 

ნარინე გინოსიანი ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი  რეპუტატის გავლენებზე საუბრობს და სწორედ ამას უკავშირებს მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის გამოძიებას ბაღში თანხების მითვისებისა და გაფლანგვის მუხლებით. 

"გუშინწინ თანამშრომლისგან მივიღე მესიჯი, რომელშიც ნათქვამი იყო, შენი იმდენად ეშინიათ, რომ ენზელ მკოიანი გვემუქრება, თუ Facebook-ზე მის განცხადებას არ გავავრცელებთ, სამსახურიდან გაგათავისუფლებთო",- თქვა მან.

ნარინე გინოსიანის თქმით, ზეწოლა იყო მის შვილზეც, რომელიც პოლიციაში თარჯიმნად დაიბარეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრროფესიას არ ფლობს და მეტიც, ქართული კარგად არ იცის, სომხურად საუბრობს. ქალი ამბობს, რომ შვილი პოლიციაში არ გაუშვა და ამის შესახებ პროკურატურას აცნობა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

ნარინე გინოსიანი, საფარის დახმარებით, აპირებს მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს, პროკურატურასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა სტრუქტურას.

საფარის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ომბუდსმენის ოფისისთვის მიმართვის მიზანი დისრკიმინაციისა და სექსუალური შევიწროების დადგენაა. 

"საქმე დაიწყო სექსუალური შევიწროებით, მაგრამ ვინაიდან ენზელ მკოიანამა მიიღო უარი, ის დაემუქრა ნარინეს და უთხრა, რომ გაანადგურებდა. სამწუხაროდ, მან წლების განმავლობაში მართლაც შეძლო სხვადასხვა ტიპის დევნა განეხორციელებინა და შური ეძია. მან აიძულა ამ საქმეში ჩართულიყო ყველა ადგილობრივი ხელისუფალი. მან ასევე მოახერხა სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაწყებულიყო ქალის წინააღმდეგ შიდა მოკვლევის დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც არ წარმოადგენს ექსპერტულ დასკვნას და არ არის საბოლოო დოკუმენტი. დევნა დღემდე გრძელდება და ენზელ მკოიანი აიძულებს თანამშრომლებს ღიად დაუჭირონ მხარი", - ამბობს ბაია პატარაია.

ის ვარაუდობს, რომ ნარინე გინოსიანი არ არის ენზელ მკოიანის ერთადერთი მსხვერპლი და ქართული ოცნების მაჟორიტარი საკუთარი თანამშრომლების წინააღმდეგ სხვა სექსუალური შევიწროების ფაქტებშიც შემჩნეულია.

"ყველას არ ყოფნის ძალა ამოიღოს ხმა და მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. ამ შემთხვევაში ქალბატონი ნარინე არის გამონაკლისი, ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ერთად და, რა თქმა უნდა, შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ რასაც ქალბატონი ნარინე ამბობს, შეესაბამება სიმართლეს. არსებობს მტკიცებულებები, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს ქართული ოცნებაც და გარკვეული განცხადებებით გამოეხმაურება საქმეს პარლამენტიც, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მიიღო კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ",- ამბობს პატარაია.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული ბევრი მოწმიდან დიდ ნაწილს ახსნა-განმარტებების მიცემა არ სურს, მაინც გამოჩნდა ადამიანი, რომელიც თანახმაა ისაუბროს ამ თემაზე.

ბაია პატარაია აღნიშნავს, რომ ვინაიდან სექსუალური შევიწროება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, არც მტკიცების ტვირთია მკაცრი და შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისზე მეტიც კი იქნება.

დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა ნარინე გინოსიანის ადვოკატიც. მირიან ნიკოლაძის თქმით, ენზელ მკოიანის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილ არცერთ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

ადვოკატი განმარტავს თანხის გაფლაგვისა და თაღლითობის საქმის დეტალებსაც. მისი ინფორმაციით, ნარინე გინოსიანი მხოლოდ ერთი ბაღის დირექტორია, თუმცა საქმეში ბრალდებულ ბუღალტერთან ერთად, საკრებულო მინიმუმ 6 წლის განმავლობაში 10 ბაღის დირექტორის მოვალოებას ერთი დირექტორის ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებინებდა. ნიკოლაძე ამბობს, რომ ნინოწმინდაში ბაღების გაერთიანების არსებობა ოფიციალურად არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება.

ადვოკატის თქმით, გინოსიანს და ბუღალტერს ბრალი ედებათ 9000-მდე ლარის მითვისებასა და გაფლანგვაში. ის განმარტავს, რომ ამ თანხებით ბაღის დირექტორი ზეგანაკვეთური შრომისთვის ანაზღაურებას უხდიდა იმ თანამშრომლებს, რომლებიც დამატებით, სამსახურიდან წასული ადამიანების ნაცვლად მუშაობდნენ.

ბრალდებას 21 ივლისს გამოეხმაურა დეპუტატი ენზელ მკოიანიც. მან ფეისბუქზე დაწერა, რომ მის წინააღმდეგ "ბინძური კამპანიაა" და ნარინე გინოსიანიც ამაში მონაწილეობს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. ამასთან, მკოიანი წერს, რომ ბაღებში თანხების მითვისებასთან კითხვები 2016 წელს გაჩნდა და "ეს ქალბატონი იყენებდა საბიუჯეტო სახსრებს საკუთარი და მეგობრების პირადი მიზნებისთვის. დეპუტატი მიმართავს ენმ-ს, შეწყვიტონ მის წინააღმდე "ბავშვების ფულის მიმთვისებლის" გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებს უჩივლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნარინე გინოსიანი და ბაღების გაერთიანების ბუღალტერი, ანჟელიკა ფუტულიანი თანხების გაფლანგვისა და მითვისების ბრალდებით მიმდინარე წლის 19 ივლისს დააკავა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გაფლანგვის საქმეზე სასამართლო სხდომა სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები