გაერთიანებული სამეფო

ჯონსონი: 31 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს, არანაირი თუ, არანაირი მაგრამ

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმინსტრმა ბორის ჯონსონმა დაუნინგ სტრიტზე თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო 31 ოქტომბერს დატოვებს ევროკავშირს.

"ჩვენ დემოკრატიისადმი ნდობას აღვადგენთ და ჩვენ პარლამენტის მიერ არაერთხელ ნათქვამ დაპირებას შევასრულებთ - 31 ოქტომბერს გამოვალთ ევროკავშირიდან. არანაირი თუ, არანაირი მაგრამ. ჩვენ გვექნება ახალი შეთანხება, უკეთესი შეთანხმება, რაც ბრექსითის შესაძლებლობების მაქსიმუმს მოგვცემს. ამავდროულად, დანარჩენ ევროპასთან ახალი, საინტერესო პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობა მოგვეცემა, რაც თავისუფალ ვაჭრობასა და ორმხრივ მხარდაჭერაზე იქნება დაფუძნებული​." - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმინისტრმა დაუნინგ სტრიტზე.

ბორის ჯონსონი მოვალეობის შესრულებას დღეს შეუდგება. მან ახალი გუნდი უნდა წარადგინონ. ბრიტანული მედიის ინფორმაციით ბრექსითის პროცესის იმპლემენტაციისას მთავარ მრჩევლად დომინიკ ქამინგსი დანიშნა, რომელიც ბრექსითის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

Sky-ს ინფორმაციით ჯონსონმა მეტოქეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯერემი ჰანტს თავდაცვის მინისტრის პოსტი შესთავაზა, თუმცა ჰანტმა უარი თქვა.

ჯონსონის მთავარი დაპირება იყო, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დაწესებულ ვადაში, 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებდა, თუნდაც შეთანხმების გარეშე.

ჯონსონის პოზიციის გამო ორშაბათს ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ალან დუნკანმა თანამდებობა დატოვა.

გასულ კვირას გადადგა ბრიტანეთის კულტურის მინისტრი მარგო ჯეიმსიც.

გასულ კვირას ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისათვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები