მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თანამდებობებს ისევ ტოვებენ

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე დროებით ტოვებენ თავიანთ თანამდებობებს ბანკში. გთავაზობთ ხაზარაძის განცხადებას:

"მეგობრებო,

როგორც იცით, დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმალობაში მძიმე შედეგი მიაყენა TBC ბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ-თებერალში, დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციონერებმა დღეს 130 მილიონი დოლარით იზარალეს. წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ქონდა.

ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი ხმათა 98%-იანი რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები, ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი. ჩვენ გვჯერა რომ ინსტიტუტი რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას.

სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!!!"

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. საუბარია 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე.

TBC-მ დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე 98,3 მილიონი გირვანქა სტერლინგი იზარალა, რაც ეროვნულ ვალუტაში, დაახლოებით, 350 მილიონია. სავაჭრო დღის გახსნიდან, პროკურატურის განცხადებამდე კომპანიის აქციებზე ფასი იზრდებოდა. ინფორმაციის გავრცელებიდან სავაჭრო დღის დახურვამდე, კომპანიის აქციებზე ფასი 12,7 პროცენტით შემცირდა. 15,06 სტერლინგიდან 13,14 სტერლინგამდე. კომპანიამ ჯამური კაპიტალიზაციის 11,9 პროცენტი დაკარგა.

კომენტარები