უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატი თოთოსაშვილი: ჩემი ნაკლი ისაა, რომ შაბათ-კვირასაც ვმუშაობ ხოლმე

პირველი არხი

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ განმწესების მსურველს, გოგიტა თოთოსაშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე დადებითი და უარყოფითი თვისებების შესახებ ჰკითხეს. 

გოგიტა თოთოსაშვილი: შეიძლება ცოტა მეტი დრო დამითმია საქმის განხილვისთვის, ზუსტად იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებოდა. უფრო მეტად გამომიკვლევია. თუ რამე ხარვეზს ვხედავ მხარეებისგან, ვცდილობ იმ საკითხებზე ჩავეკითხო, რაც უნდათ, რომ რაღაც ფორმით წარმოაჩინონ. ამის სემდეგ უკვე გადაწყვეტილების მიღების პრობლემა აღარ არის. 

ირმა გელაშვილი: ანუ ეს თქვენი ძლიერი მხარეა. გულმოდგინე მოსამართლე ხართ?

გოგიტა თოთოსაშვილი: კი, რა ვიცი

ირმა გელაშვილი: ნაკლი რა გაქვთ? 

გოგიტა თოთოსაშვილი: პიროვნების ნაკლი შეიძლება ის, რომ ბევრჯერ ყოფილა და არის, რომ არასამუშაო დღეებშიც ვსხედვართ მოსამართლეები შაბათ-კვირას. შეიძლება ნაკლია იმ კუთხით, რომ ოჯახს ნაკლებ დროს ვუთმობ. სხვა ნაკლი შეიძლება მქონდეს, ვერ გეტყვით. 

გოგიტა თოთოსაშვილი 2017 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. 

2018 წლის დეკემბერში სტუდია მუონიტორმა რადიო თავისუფლებასთან ერთად გამოძიება მოამზადა, რომლის მიხედვითაც: 

"სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილის გადაწყვეტილებით, ორ ოჯახს ბინებიდან გამოსახლება ემუქრება. ერთ-ერთი საქმე, რომელიც თოთოსშვილმა განიხილა, პროკრედიტ ბანკსა და მოქალაქეს შორის დავას ეხებოდა. ბანკის იურისტი მოსამართლის ცოლი თეა ღვინიაშვილი იყო, თუმცა გოგიტა თოთოსაშვილმა საქმე არ აიცილა და ბანკის სასარგებლო გადაწყვეტილება ძალაში დატოვა". 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. დღეში გამოიკითხება 3 კანდიდატი. გასაუბრება დილის 10 საათზე იწყება და საშუალოდ 12 საათს გრძელდება. 

საბჭომ სულ 50 კანდიდატი უნდა გამოჰკითხოს, მათგან 20-ს კი პარლამენტს წარუდგენს 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ.

კომენტარები