უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მოსამართლეობის კანდიდატი გოგიტა თოთოსაშვილი: გააჩნია, რას გულისხმობთ მოწყვლად ჯგუფებში

რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატმა, გოგიტა თოთოსაშვილმა გასაუბრებაზე ნაზი ჯანეზაშვილის კითხვებს უპასუხა უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ. 

ნაზი ჯანეზაშვილი: ზოგადად რატომ არსებობს ეს ტერმინი „უმცირესობა“, რატომ ვსაუბრობთ ხოლმე, რატომ მოვიაზრებთ სხვადასხვა ჯგუფებს როდესაც მცირესობებზე ვსაუბრობთ? რა მნიშვნელობას ატარებს ეს ტერმინი?

გოგიტა თოთოსაშვილი: სიტყვიდან გამომდინარე, ადამიანთა ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს რაღაც იდეა, რაღაც მრწამსი, რაღაცა მიდრეკილება სექსუალური და ამ მხრივ შეიძლება იყვნენ გაერთიანებულნი.

ნაზი ჯანეზაშვილი: რას ფიქრობთ მოწყვლად ჯგუფებზე? ვინ არიან მოწყვლად ჯგუფებში? ვის მოიაზრებთ თქვენ?

გოგიტა თოთოსაშვილი: რა კუთხით? რომ დააზუსტოთ.

ნაზი ჯანეზაშვილი: იმ კუთხით, რა კუთხითაც უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ერთადერთი კუთხეა, ჩემი აზრით.

გოგიტა თოთოსაშვილი: გააჩნია შინაარსობრივად, ინტერპრეტაცია, რას გულისხმობთ მოწყვლად ჯგუფებში. თემას გააჩნია, იმ თემასთან მიმართებაში, რა უნდა იყოს მოწყვლადი ჯგუფი. ასე ზოგადად ვერ გიპასუხებთ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ეს ფაქტი ასევე შეაფასა, როგორც ირიბი დისკრიმინაცია და ხარისხის ხარჯზე პროცესის დაჩქარების მცდელობა. 

გოგიტა თოთოსაშვილი 2017 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. 

2018 წლის დეკემბერში სტუდია მუონიტორმა რადიო თავისუფლებასთან ერთად გამოძიება მოამზადა, რომლის მიხედვითაც: 

"სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილის გადაწყვეტილებით, ორ ოჯახს ბინებიდან გამოსახლება ემუქრება. ერთ-ერთი საქმე, რომელიც თოთოსშვილმაგანიხილა, პროკრედიტ ბანკსა და მოქალაქეს შორის დავას ეხებოდა. ბანკის იურისტი მოსამართლის ცოლი თეა ღვინიაშვილი იყო, თუმცა გოგიტა თოთოსაშვილმა საქმე არ აიცილა და ბანკის სასარგებლო გადაწყვეტილება ძალაში დატოვა". 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. დღეში გამოიკითხება 3 კანდიდატი. გასაუბრება დილის 10 საათზე იწყება და საშუალოდ 12 საათს გრძელდება. 

საბჭომ სულ 50 კანდიდატი უნდა გამოჰკითხოს, მათგან 20-ს კი პარლამენტს 20 ვაკანსიაზე დასამტკიცებლად წარუდგენს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ.

კომენტარები