ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმე

ოცნების დეპუტატი: აშშ-ის საელჩომ დამატებითი განმარტება უნდა გააკეთოს

მეორე არხი

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი ამერიკის საელჩოსგან დამატებით განმარტებებს ითხოვს. მეზურნიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ მართებული იქნება თუ საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ნათელ განმარტებას გააკეთებს. 

"შეიძლება, ვთქვათ, რომ ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამ განცხადებას, მაგრამ აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ თვითონ აშშ–ში არაერთხელ მომხდარა ის, რომ მაღალი დონის ბიზნესმენების, წარმატებული ბიზნესმენების, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გაჩენილა კითხვები და ისინი აღმომჩდარან სასამართლოს წინაშე. ტრაგედია და უპრეცედენტო არაფერი არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. პროკურატურა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანოა, ყოველდღიურად ხდება ასეულობით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სამართალდარღვევებთან, ფინასურ მაქინაციებთან და კავშირებით და ა. შ. პროკურატურა არ უთანხმებს არც ანაკლიის კონსორციუმს, არც ხელისუფლებას და არც სხვებს როდის უნდა მოხდეს ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება. ამ ყველაფერს გაგებით ვეკიდებით, რადგან საქმე ეხებათ უმსხვილეს ბიზნესმენებს, მამუკა ხაზარაძე დაკავშირებულია ანაკლიის პორტთან... რა თქმა უნდა, ამერიკის საელჩომ უნდა გააკეთოს დამატებითი განმარტება, კონკრეტულად რას გულისხმობს. მართებული იქნება, აშშ–ის საელჩომ უფრო ნათელი და ღია განმარტება გააკეთოს.  განცხადების მიხედვით, საელჩომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა ანაკლიის პროექტის მხარდაჭერა. ხაზი გაუსვა, რომ აქ ამერიკული ინვესტიციაა, რომელიც დიდ როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში. ამ მოსაზრებას და პათოსს ვიზიარებ," - ამბობს მეზურნიშვილი. 

"ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით," - აშშ-ის საელჩო საქართველოში, ხაზარაძისა და ჯაფარიძისათვის ბრალის წაყენებას დღეს ასე გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მხარს უჭერენ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. საუბარია 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე.

კომენტარები