ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება

ბოკერია: არის ხალხი, ვისთვისაც შეიძლება ძალადობა, ოპონენტებისთვის კი საბაბს ეძებენ

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარტიის ბრიფინგზე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მან წარმოადგინა ვიდეო-კოლაჟი, სადაც ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან სხვადასხვა აქციის დროს პოლიციელებზე ძალადობის ამსახველი კადრები იყო ასახული, აღნიშნული შემთხვევების გამო კი არავინ დაუკავებიათ. 

"აქ ჩანს პირდაპირი ძალადობა პოლიციელებზე, მათ შორის, ზოგ შემთხვევაში ძალიან მძიმე კადრები. ამ მცირე კოლაჟის უდიდესი ნაწილი მოიცავს იმ შემთხვევებს, სადაც ამ ძალადობაში პოლიციელების წინააღმდეგ მონაწილეობდნენ ან პირდაპირ ქართული ოცნების აქტივის წარმომადგენლები, მაშინდელი, ან მათი ღია სატელიტები პროპუტინური ძალები - ქართული მარში ან ვასაძის ჯგუფი, ან სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ რამხელა განსხვავებაა იმ გარემოებებს შორის, რის გამოც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი და სხვა პირები დააკავეს, უმძიმესი მუხლი წარუდგინეს და იმ სხვა უამრავ შემთხვევას შორის, რომელიც ყველას გვინახავს, სადაც პირდაპირი ძალადობა იყო პოლიციელებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე რომ არაფერი ვთქვათ. თუ კი იყო რამე, იყო ადმინისტრაციული დაკავება და ისიც ერთდღიანი, ორდღიანი, მაქსიმუმ. უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ ყოფილა სანქცია გამოყენებული, შემთხვევა, როცა სისხლის სამართლებრივი დევნა იყო, საერთოდ არ არსებობს", - ამბობს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ეს იყო ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მომუშავე ჯგუფი, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები კი არა.

"ზუსტად ამიტომ ვსაუბრობთ, რომ გუშინდელი ნაბიჯები არის მაგალითი პოლიტიკური რეპრესიისა და პოლიტიკური დაკვეთის შესრულების. აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ირაკლი ოქრუაშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ვინ როგორ აფასებს. ჩემი პირადი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია მის მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის მთავარ პრობლემას, რომ ჩვენ ქვეყანაში მთელი ეს წლები ივანიშვილის გუნდისთვის არ არსებობს კანონის უზენაესობა - არსებობს მათი ხალხი, ვისთვისაც შეიძლება ძალადობა და ოპონენტები, რომელთა წინააღმდეგ ეძებენ საბაბებს", - ამბობს ბოკერია.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები, ისევე, როგორც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, ივანიშვილის მხრიდან ძალიან დემონსტრირების მცდელობაა "იმ უმძიმესი დარტყმის შემდეგ რაც მან მიიღო გავრილოვის ღამის და ზოგადად მისი პოლიტიკის შედეგად".

"ახლა ცდილობს ამით კომპენსირებას. ეს არის სახიფათო ნაბიჯები ქვეყანაში დემოკრატიული კლიმატისთვის და სტაბილურობისთვის, მაგრამ ეს ნაბიჯები ივანიშვილს ვერ უშველის შემდეგ არჩევნებზე, ეს გამორიცხულია", - აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარები