თიბისი ბანკის საქმე

პროკურორს ხაზარაძე/ჯაფარიძის "მიმალვის რისკის გამო" საზღვრის უნებართვო კვეთის აკრძალვა სურს

ტაბულა

თიბისი ბანკის საქმის პროკურორი, სალომე ჩიქობავა ამბობს, რომ ბრალდების მხარე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მიმალვის საფრთხის გამო ითხოვს.

ამის შესახებ პროკურორმა სასამართლო პროცესზე თქვა.

ის მოთხოვნას მამუკა ხაზარაძის მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობით, ასევე, მისი ფულითა და კავშირებით ასაბუთებს - პროკურორის ინფორმაციით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა საქართველოს საზღვარი მიმდინარე წელს 154-ჯერ გადაკვეთა.

პროკურორმა ასევე თქვა, რომ ბრალდებულების პიროვნებების გათვალისწინებით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში პროკურატურა ითხოვს გამოძიების თანხმობის გარეშე, ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვასაც.

პროკურორის თქმით, მილიონ-მილიონ ლარიანი გირაოს ოდენობა ბრალდებულების ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრეს.

ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ რადგან ხაზარაძე და ჯაფარიძე ბიზნესმენები არიან, მათთვის საზღვარგარეთ სიარული სამუშაოს ნაწილი. ამასთან, კორძაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტი ამ შეხვედრების გარეშე ვერ შედგება, ამიტომ პროკურატურის მხრიდან საზღვრის კვეთის აკრძალვის მოთხოვნა საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნას ნიშნავს.

ადვოკატი უარყოფს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხესაც და ამბობს, რომ საქმეში არ არის არავინ, ვიზეც შესაძლებელია ზეწოლის მოხდენა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. ამ დრომდე, პროკურატურა არ ასახელებდა რას ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით. დღეს ადვოკატმა თქვა, რომ უწყება ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის მილიონ-მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

-----

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტია. ამასთან, ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა "თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტი, რაც მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევაა".

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მუქარის წერილი გაუქზავნა.

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

9 ივლისს კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

კომენტარები